ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადების მოტივებზე სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას.
„წინა დღეების განმავლობაში, მათ მოვუწოდებდით, რომ კანონის აღსრულება არის ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოში, მაგრამ მათ უნდა ემოქმედათ ადამიანის უფლებების სრული დაცვით. მათ ეს მოახერხეს. სწორედ ამისთვის ვუხდით მადლობას. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა თავისი სამართლებრივი არგუმენტაციით და მისი განცხადების მოტივებთან დაკავშირებით, არის თუ არა სამართლებრივი, ლეგიტიმური მოქმედება ის, რაც განხორციელდა დღეს. ჰქონდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლები – ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსმავთ. ამ კითხვას ვერავინ გაექცევა, ვერც სახალხო დამცველი. ეს თუ ასეა და რა თქმა უნდა ასეა, მაშინ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.