ახალი ვირუსის გამოჩენის პირველ დღეებში, მხოლოდ ერთი იმედიანი ფრაზა ისმოდა დედამიწაზე: ბავშვები არ/ან ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა და დღეს, სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვები არასდროს ყოფილან ასეთი დიდი რისკის ქვეშ, ვირუსის გავლენა მსოფლიოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ცხადი და სულ უფრო საგანგაშო ხდება.
“იმის მიუხედავად, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი სხვებზე ნაკლებად არის დაზარალებული, არსებული მონაცემების თანახმად, COVID-19 ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე უფრო პირდაპირ გავლენას ახდენს, ვიდრე თავდაპირველად ველოდით, როდესაც 2019 წლის ბოლოს კრიზისი დაიწყო. 87 ქვეყნიდან მიღებული ასაკობრივი მონაცემების საფუძველზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაკეთებული ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ამ ქვეყნებში, COVID-19-ით ინფიცირების აღრიცხული შემთხვევების მთლიან რაოდენობაში, ბავშვებისა და მოზარდების წილი 11%-ია“, _ აღნიშნულია UNICEF-ის მიერ მომზადებულ კვლევაში.
სამწუხაროდ, ვირუსის შეუსწავლელობის გამო, პანდემიის პირველ ეტაპზე გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, რომ ბავშვები ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებულად მედეგები არიან, ისინი უფრო დაუცველები გახადა _ ინფიცირებული ადამიანები ბავშვებს ნაკლებად ერიდებოდნენ.
უცხოურ მედიაში, მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომები გამოუვლინდათ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. “მისტიკური სინდრომი“ – მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე. მალევე დაფიქსირდა “მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი, ბავშვთა და მოზარდთა პედიატრი ქალბატონი ლია მგელაძე “გურია ნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მულტისისტემური ინფლამენტორული სინდრომი, რომელსაც “მისტიკურს“ უწოდებენ, მაინც განსხვავებულია და ექიმს დიაგნოზის დასმისას, სხვა დაავადებაში არ უნდა აერიოს.
აქვე, გეტყვით, რომ “კავასაკის სინდრომი“ მიმდინარეობს უფრო მცირე ასაკის ბავშვებში, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კი, უფრო მოზრდილებში – ხუთიდან 21 წლამდე.
_ “მისტიკური სინდრომი“ ეს არის ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელიც, ძირითადად, აზიანებს სისხლძარღვებს, ახასიათებს გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, მუცლის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, ყელის ტკივილი და ყელში გამონაყარი, თვალების და პირის ღრუს სიწითლე და კიდურების შესივება. თითოეულ ამ სიმპტომს შეიძლება მოჰყვეს სისუსტე, სუნთქვის გაძნელება და ბოლოს ფატალური შედეგი _ პაციენტის გარდაცვალება, _ ამბობს პედიატრი ლია მგელაძე.
_ ქალბატონო ლია, საქართველოში გამოვლინდა თუ არა ეს სინდრომი და რა სიხშირით?
– “მისტიკური სინდრომის” დიაგნოზით საქართველოში რამდენიმე ათეული ბავშვი გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში, კოვიდის შემდგომი ამ გართულებით, დაახლოებით 12 ბავშვი გადის მკურნალობას იაშვილის კლინიკაში. აქედან, 2 ბავშვის მდგომარეობა არის გართულებული.
_ თქვენ თუ გყოლიათ ამ გართულების მქონე პაციენტი?
_ მე არ მყოლია მსგავსი გართულების მქონე პაციენტი, რადგან ეს გართულება საქართველოში იშვიათია.
_ ძირითადად, რა ასაკის ბავშვებში გვხვდება ეს პოსტკოვიდური გართულება?
_ ეს პოსტკოვიდური გართულება, ძირითადად, 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება. უფრო პატარა ასაკის ბავშვებში არ ვითარდება ეს სინდრომი_ ჯერჯერობით არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა.
_ ამ სინდრომის მქონე ბავშვებში რთულდება თუ არა მდგომარეობა ისე, რომ ფატალური შედეგი დადგეს და ბავშვი დაიღუპოს?
– კოვიდის შემდგომი ამ გართულების მქონე ბავშვებში სიკვდილიანობის შემთხვევები, სამწუხაროდ, დაფიქსირებულია; განსაკუთრებით ცუდია სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ყოფილა სიკვდილიანობის შემთხვევა.
_ რა პროტოკოლით მიმდინარეობს “მისტიკური სინდრომის“ მკურნალობა?
_ მკურნალობენ იმუნოგლობულინით, მაღალი დოზის ასპირინით და სტეროიდული თერაპიით.
_ ქალბატონო ლია, საქართველოში თუ ფინანსდება მისტიკური სინდრომის მკურნალობა?
_ პოსტკოვიდური “მისტიკური სინდრომის“ მკურნალობას ჯანდაცვა არ აფინანსებს; არადა, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება; დღეს, საქართველოში ერთი ფლაკონი იმუნოგლობულინი ღირს, დაახლოებით, 600 ლარამდე, ზუსტად კი 599 ლარი და 90 თეთრი ღირს; თითო ბავშვს სამკურნალოდ, მინიმუმ, 10 ფლაკონი მაინც სჭირდება, შეიძლება, მეტიც დასჭირდეს… ამ დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა იაშვილის სახელობის კლინიკამ გამონაკლისის სახით დააფინანსა.
_ როდის, რა ნიშნების გამოვლენისას უნდა მიიტანონ მშობლებმა ეჭვი ამ სინდრომზე?
_ სინდრომი შეიძლება ნებისმიერ კოვიდგადატანილ ბავშვს გამოუვლინდეს _ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სირთულით გადაიტანს ბავშვი კოვიდ ინფექციას. თუკი კოვიდის გადატანიდან ოთხი ან ექვსი კვირის შემდეგ, ბავშვს დაეწყება მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ხელებისა და ფეხების შეშუპება, გამონაყარი, მუცლის ტკივილი ან დიარეა, ეს უკვე ნიშანია იმის, რომ შესაძლოა, პოსტ კოვიდურ გართულებასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა.
კვლევით, რომელიც 87 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა და ადასტურებს, რომ COVID-19-ით ინფიცირების აღრიცხული შემთხვევების მთლიან რაოდენობაში, ბავშვებისა და მოზარდების წილი 11%-ია, UNICEF-მა შეაფასა COVID-19-ის გლობალურ გავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე და წარადგინა პანდემიაზე რეაგირების ექვსპუნქტიანი გეგმა. ამ გეგმის მესამე პუნქტში UNICEF-ი მოუწოდებს, რომ ქვეყნების მთავრობებმა და პარტნიორებმა “უზრუნველყონ წვდომა ჯანდაცვის და ნუტრიციულ სევისებთან, ფინანსურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინა თითოეული ბავშვისთვის“
სამწუხაროდ, პოსტკოვიდური სინდრომების მკურნალობა საქართველოში, ცალკეული კლინიკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ძვირადღირებული მედიკამენტებიც, რომელიც უმძიმესი გართულებების სამკურნალოდაა საჭირო, ყველა ბავშვისთვის არაა ხელმისაწვდომი.
“გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.