სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე თავის მხარდამჭერებს შეუერთდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გადადგომა პრობლემის გადაწყვეტილებაა. შეტაკების საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ უნდა მოხდეს. ქვეყნის შიგნით მტრები არ გვყავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
სომხეთის პრემიერმა ასევე უარყო გავრცელებული ჭორები, რომ ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებას აპირებს.
„იმედია, მიეჩვიეთ უკვე საინფორმაციო ტერორს. სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, რომ თითქოს თვითმფრინავი მზად არის და გაქცევისთვის ვემზადებით. აქ ვართ და არავითარ შემთხვევაში სამშობლოს არ დავტოვებთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.