ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა, წყლის მრიცხველები მოიპარეს. ქუჩის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით, კომენდატის საათის დროს მოხდა.
„გვიან ღამითაა მომხდარი ეს ამბავი, როგორც ჩანს. სამი მარტი რომ გათენდა, მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ წყალი ჩაჭრილი გვქონდა და მრიცხველები ადგილზე აღარ იყო. დაახლოებით, 15 მრიცხველია წაღებული. ამბობენ, ლატუნს შეიცავსო და ეტყობა, ამიტომ იპარავენ, აბა, სხვა რაში უნდა დასჭირდეთ?!
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა, 90-იანების წლების მერე ასეთი ამბები ნამდვილად არ მომხდარა. მაშინ იყო ყველაფერს რომ იპარავდნენ, ელექტროსადენებს და ალუმინებს. ფეხი რომ დაგრჩენოდა გარეთ, იმასაც მოგაცლიდნენ. ახლაც აქეთკენ მივექანებით. უმუშევრობა და შიმშილია ყველგან, ხალხს პურის საყიდელი ფული აღარ აქვს. ცეცხლის ფასი ადევს ყველაფერს და ნელ-ნელა მატულობს ქურდობა და ავაზაკობა. ჩვენთან მრიცხველები მოიპარეს და სოფლებში ჭიშკრებსაც იპარავენ მიტოვებული ოჯახებიდან. ნამდვილად არაა კარგად საქმე“, _ ამბობენ ქურდობის ფაქტით შეწუხებული ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.
მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბარათაშვილის ქუჩიდან წყლის მრიცხველები მოიპარეს. ქურდობის ფაქტი აქ რამდენიმე კვირის წინაც მოხდა.
„დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა მსგავსი ფაქტი ჩვენს ქუჩაზე, მაშინ ხუთი მრიცხველი იყო წაღებული. ახლა, როგორც ჩანს, მადა გაეზარდათ, ის ხომ შეგვრჩაო და თხუთმეტი მოიპარეს“.
ბარათაშვილის ქუჩაზე წყლის მრიცხველების მოპარვის ფაქტს ლანჩხუთის წყალმომარაგების კომპანიაშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი სტრუქტურები.
როგორც „გურია ნიუსს“ შსს პრესსამსახურში განუმარტეს, ლანჩხუთში სამ მარტს მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.