სამტრედიაში საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება დაანონსებულზე 6 დღით ადრე, ნაცვლად 10 მარტისა, დღეს, 4 მარტს განაახლეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული 24 ბაგა-ბაღიდან მხოლოდ ერთმა, პირველმა ბაღმა ვერ შეძლო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლება. მიზეზი, თანამშრომლების დატესტვის შედეგად ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა დასახელდა. ერთ ძიძას კოვიდ-19 დაუდასტურდა. შესაბამისად, პირველი ბაგა-ბაღი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.
,,დანარჩენ 23 ბაღში ჯერჯერობით სიმშვიდეა. დღეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა, გარდა ერთი, პირველი ბაღისა,რადგან გეგმიური შემოწმების დროს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მშობლები მაინც ინარჩუნებენ სიფრთხილეს, ბავშვთა რაოდენობა პირველ დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკლებია”,_ აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ხათუნა გაგუა.