„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ –მინისტრის განცხადებას – მივესალმებით მის მკაფიო პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება. გამოვხატავთ მზადყოფნას, მთავრობასთან, პარტნიორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად ვიმუშაოთ მისი განვითარების და განხორციელებისთვის. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი და მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი შეიტანა და სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები.
„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც, პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტის მხარდასაჭერად, შემდგომში კი შექმნა ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს ჭირდებოდა. მათ შორის, სრულად იყო უზრუნველყოფილი ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ასიგნებები იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, ისიც, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა, ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვერდით არ გადაიდება. პრემიერ მინისტრის განცხადება დღეს იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდა მუშაობა მისი განხორციელებისთვის. მიუხედავად პოსტ-პანდემიური კრიზისისა, იმედი გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ ინვესტორების დაინტერესებას და პროექტის განხორციელებას”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.