შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, “მინისტრის საათის” ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე – ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.
„ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.
„ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება.
„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.