„მთავრობა ამბობს, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, რითაც აღიარებენ, რომ ასეთი საუბარი რეალურად მოხდა. თუმცა, ჩანაწერში არის სიმღერა, რომელიც ბერა ივანიშვილმა 2017 წელს გამოაქვეყნა და ეუბნება ღარიბაშვილს ზუმერად დააყენეო. არის 2-3 ამბავი, რომლის მიხედვითაც ეს არის 2010 წლის შემდეგ ჩაწერილი“,_ ასე აფასებს გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, ფრაქციის ,,გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის“ – თავმჯდომარის მოადგილე, მამია ბარამიძე.
„დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი 2010 წელს არის ჩაწერილი, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი 2010 წელს თუ იყო ავადმყოფური აზროვნების პატრონი, ვერ გამოსწორდებოდა და წელსაც ასეთი იქნება? ამიტომ ეს ყველაფერი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორი მთავრობის ხელში ვართ“,_ გვითხრა ბარამიძემ.
შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები მომხდარის შემდეგ და ფიქრობს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, რომ პრემიერმა შეიძლემა დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნა და თანამდებობა დატოვოს _ მამია ბარამიძე გვპასუხობს:
„ჩვენ პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვნახოთ, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მთელი საზოგადოების ნორმალური ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და ვნახოთ. ეს არის მთავრობა, რომელსაც გასდის ეს ყველაფერი და ამიტომ აკეთებს. ამ შედეგს ვიმკით, თორემ ჩვენ რომ ვიყოთ მომთხოვნი საზოგადოება ამდენ ხანს უნდა შეცვლილიყო ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი.
ისეთი პიროვნებისთვის კი როგორიც ღარიბაშვილია, ვერ გეტყვით რა არის შესაძლებელი და რა არა. მაგრამ ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ მთავრობაში, ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი უნდა იყოს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ძიება უნდა მიმდინარეობდეს. ობიექტურმა სასამართლომ, ობიექტურმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დაამტკიცოს უნდა ავთენტურობა,. დაკითხვები უნდა ჩატარდეს. ვნახოთ, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში რა განცხადებებსაც აკეთებენ, არა მგონია, გადადგეს.
კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა, რომ ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელება ოპოზიციას უკავშირდებოდეს- მამია ბარამიძე გვპასუხობს:
„როგორ უნდა იკადროს მთავრობამ და თქვას, რომ ოპოზიცია გვისმენს და ოპოზიცია ავრცელებს. სირცხვილია. არსებობს გამოთქმა „ენას ძვალი არ აქვსო“ და ეს მომენტია.
ცნობისთვის, გუშინ გადაცემაში „ ნოდარ მელაძის შაბათი“ გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქ-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
გადაცემის ავტორები ამბობენ, რომ საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც.
გავრცელებული ჩანაწერით ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და უყვება, რომ ჩუბინიძის რაზმმა სკოლის მოსწავლე ისე შეაშინა, რომ კომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს. ბერა ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.
გადაცემის ანონის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მან გავრცელებულ ჩანაწერს „კაგებეშნიკურად აწყობილი“ უწოდა.