საქართველოს ეროვნული გმირი – ჟიული შარტავას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სენაკში, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მალხაზ თორიამ.
ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.