“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მორიგი შეხვედრა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის წარმომადგენელი სუფსაში დავით გუმბარიძე და სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ კუკულავა ესწრებოდნენ, სუფსის, ჩქუნის, ხიდმაღალას, გრიგოლეთის, მალთაყვის, ტაბანათისა და ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის გაიმართა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრებზე მოსახლეობამ ის საკითხები წამოჭრა, რომელიც, მათი აზრით, პირველ რიგში მოსაგვარებელია.
მერიისვე ინფორმაციით, ჯამში, “სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 ათასი ლარი ერგო და აქედან სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს 92 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც ასე გადანაწილდა: სუფსა _ 12 ათასი ლარი; ახალსოფელი _ 16 ათასი ლარი; გრიგოლეთი _ 12 ათასი ლარი; მალთაყვა _ 10 ათასი ლარი; ტაბანათი _ 16 ათასი ლარი; ჩქუნი _ 10 ათასი ლარი; ხიდმაღალა _ 16 ათასი ლარი.
მერიის მიერ სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრის გასაჯაროებას უწყებისვე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. ეს კი მეტყველებს, რომ სოფლებში საკმაოდ მწვავე პრობლემებია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან გვარიანი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც მიუთითებს გაკეთებული საქმის არაეფექტიანობაზე.
სუფსის მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფლებში მწვავედ დგას გზის პრობლემები და არის შემთხვევები, როცა შესაბამისი რეაბილიტაციის გასახორციელებლად თანხები დაიხარჯა, პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩა. განსაკუთრებით კი, ე.წ. ღურჯუმელასა და ანწლიანის უბნის მცხოვრებლები გამოთქვამენ საკუთარ გულისტკივილს და ფაქტების ამსახველ ფოტოებსაც ასაჯაროებენ.
“ვამაყობთ თქვენი გაკეთებული საქმებით! გზა გვაქ ისეთი საოცარი, რა გვაქ საწუწუნო. ძალიან მაინტერესებს, აქ რო თავი მოგაქვთ, რეალურად რა გააკეთეთ ორჯუმალზე. ორი “ლაფათქი” მიწა ამოყარეთ და მაგაში დახარჯეთ ხო თორმეტიათასი ლარი. უნამუსაბასაც ხომ საზღვარი. აქ ვიძირებით ჭაობში, გზა _ არა, კვალი _ არა და აქ ყოყოჩობთ და მოგწონთ თავი. ამოცანა გვეკითხება, სად არის კვალი, რომელზეც დაიხარჯა გამოყოფილი თანხა”, _ საყვედურით მიმართავს მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელობას სუფსის მკვიდრი თამარ პატარაია.
როგორც მერიის ფეისბუქზე მოქალაქეთა მხრიდან გაჟღერებული კომენტარებიდან ჩანს თამარ პატარაიას ამ პათოსს სოფლის სხვა მცხოვრებლებიც იზიარებენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა თუ საკრებულოში სოფლის წარმომადგენლების მიმართ საყვედურს არ იშურებენ:
“სიარული და სელფები კარგია, მარა იქნებ მომასწროთ ცოტა რამის შეცვლა, ნაომარს რომ ჰგავს ყველაფერი”;
“სიამაყით ამბობენ, 12 000 დავხარჯეთო. ესა სამარცხვინო, თავისი პირით აღიარებენ, რომ ფული გაიფლანგა, რადგან ორჯუმალს გაკეთებული საქმის არაფერი ეტყობა. ანწლიანის ბოლოსკენ გზა, ფაქტობრივად, ავარიულია და საჭიროა პროგრამაში ჩასმა, პირველ ეტაპზე მოიხრეშოს მაინც”;
“გავლა შეუძლებელია, სამარცხვინო მდგომარეობაა, ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით. დროა, მივხედოთ ამ პრობლემას ყველამ ერთად”;
“მაგას ფიქრობენ ზუსტად, ანწლიანის ბოლოსკენ გზა გააკეთონ… ვინ მოდის ბოლომდე, რომ ნახოს. კვალი რომ გაეღოთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ლანჩხუთიდან ჩამოვიყვანეთ ხალხი”;
“სირცხვილია ანწლიანზე გზის პრობლემა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენი კუთხიდან, ანწლიანიდან დიდი თანამდებობის ადამიანი გვყავს, ბატონი ბესო კუპრაძე (“ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლანჩხუთის საკრებულოში; ავტ.). ანწლიანზე გზა ხუთიანზე უნდა იყოს და არც სალაპარაკო არ უნდა იყოს… მაგრამ…”;
“სირცხვილი თქვენი, ნეტა, რას უნდა მოახმაროთ 15 ათასი, გზები ისეთი გვაქვს სუფსაში, არსად რომ არ არის, მივარდნილ სოფელშიც კი. ნეტა, რის გამკეთებლები ხართ…”;
“ძლივს დავინახე სურათით დეპუტატი. რა უბედურებაა, ვიცი, რომ დეპუტატი ხალხთან უნდა დადიოდეს და კითხულობდეს, ვის რა უჭირს. სამწუხაროდ, ჩვენთან გრიგოლეთში, ბაზის მხარეს დეპუტატს არც ვიცნობთ”.
როგორც ირკვევა, სუფსაში გზის პრობლემის გარდა, მოსახლეობას უწყლობაც აწუხებს და ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრისკენაც მოუწოდებს:
“წყალს ვთხოვთ ამდენი წელია. სასმელი წყლის პრობლემაა მოსაგვარებელი, პირველ რიგში, სუფსის ყველა უბანზე…წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ვიფიქროთ ამაზე”.
ყველაფერი ამის პასუხად კი მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოფლის კრებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს, რომ იქ მოხდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე შეჯერება:
“სასურველი იქნება, დაესწროთ სოფლის კრებებს და ის საჭიროებები, რაც სოფელს აწუხებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილოთ”, _ ვკითხულობთ მოსახლეობის საყვედურების პასუხად მერიის მიერ ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარში.
მერიის მხრიდან გაჟღერებულ მოწოდებას კრებებზე დასწრების თაობასა და იქ პრობლემების განხილვაზე, მოსახლეობა კონტრარგუმენტით პასუხობს და განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლება შეხვედრებზე ისეთ ადამიანებს ეპატიჟება, ვინც მათ სასიკეთოდ ისაუბრებს მხოლოდ, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი, არც კი ატყობინებენ მსგავსი შეხვედრების თაობაზე:
“კაია, როდის მოდიხართ ისე, რომ ვიგებდეთ. ყოველთვის იმ ხალხს გახვედრებენ, ვინც სათქმელს თქვენ სასიკეთოდ იტყვის. მოდით, თქვენ შემობრძანდით ორჯუმალზე და ნახეთ, რა გააკეთეს იმ თანხით, რაც გამოუყავით სოფელს და მერე ვისაუბროთ”.