გავრცელებული ინფორმაციით, რომ გურიაში ძაღლების თავშესაფარში ზუგდიდიდან ძაღლები გადაჰყავთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისე გაიგო, რომ აქ არსებობს მუდმივი თავშესაფარი, სადაც ზუგდიდელ ძაღლებს განათავსებენ.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარეს, თემურ ნაჭყებიანს:
_არსებობს მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ხელშეკრულებით ფინანსდება. ერთ ძაღლზე წელიწადში გათვლილია 120 ლარი. ძაღლების გამტარი თავშესაფარი, რომელიც ახლა დასავლეთ საქართველოში, აჭარის რეგიონის გარდა, მხოლოდ ოზურგეთში, სოფელ ბაილეთშია. ამიტომ დანარჩენი რაიონებიდან აქ გადაჰყავთ ძაღლები შესაბამის სამსახურებს. ხაზს ვუსვამ, გურიაში, ბაილეთში, ძაღლებს გამტარ თავშესაფარში, მხოლოდ ერთი კვირით ათავსებენ. აქ ხდება მათი კასტრაცია, ყურზე ჩიპის დამაგრება და 4-5 დღის შემდეგ, როცა დაიწერება შესაბამისი დასკვნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და შეხორცება მოხდა სწორად, აიცრება ცოფზე და წაიყვანენ უკან, საიდანაც მოიყვანეს. მაგალითად, ზუგდიდიდან მიყვანილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, თერჯოლიდან ჩამოყვანილს თერჯოლაში და ასე შემდეგ. ბაილეთის მსგავსი თავშესაფრის, უფრო სწორად გამტარი თავშესაფრის მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდშიც. როცა მოგვარდება ეს ამბავი, გურიაში გადაყვანა აღარ იქნება საჭირო. იგივე პროცედურები აქ ჩაუტარდებათ. ვიმეორებ, ძაღლების თავშესაფარი, ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი ძაღლებისთვის. ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ძაღლი უნდა იყოს გარეთ, ეზოში თუ ქუჩაში. მას თავისუფლება არ ეკრძალება. როცა მოსახელეობას ვაწვდით ინფორმაციას, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, _ გვითხრა ნაჭყებიანმა.
„გურია ნიუსი“ ასევე ესაუბრა ოზურგეთის ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის დირექტორს , თენგიზ ქუტიძეს. მანაც თითქმის იგივე დაგვიდასტურა:
_ბაილეთში არსებულ ძაღლების გამტარ თავშესაფარში, ძაღლების გადაყვანა მხოლოდ დროებით ხდება, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე აქვე, ოზურგეთიდან. სტერილიზაციის, აცრის თუ ყურზე ჩიპის დამაგრების შემდეგ, 4-5 დღის ვადაში, თუ ოპერაციის დროს გართულება არ მოხდა, გადაჰყავთ ისევ იმ ადგილზე, საიდანაც მოიყვანეს. ასეთი მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტში ხდება ტენდერის გამოცხადება. ასე იქნება მომავალშიც. დავაკონკრეტოთ _ ძაღლების მუდმივი თავშესაფარი ამერიკაშიც არაა. ძაღლს, როგორც ადამიანს ვერ დაამწყვდევ და ვერ აუკრძალვ თავისუფლებას, ისევე ვერ გამოკეტავ მუდმივად. ამისთვის არსებოს კანონი და დასჯადია. არავითარი ზუგდიდელი ზაღლები არ მოჰყავთ აქ მუდმივად მოსათავსებლად. ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ აიტაცა. სხვათა შორის, ეს არაერთხელ არის განმარტებული თქვენი გაზეთის საშუალებითაც. როგორც მახსოვს, არაერთხელ წერდით _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.