„დედაქალაქის მერია ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას და ზოგადად, ე.წ. ღამის ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კერძოდ, თბილისის მთავრობა ღამის კლუბებს 2 მლნ ლარით დაეხმარება .
„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში; მათ მოუწიათ დახურვა და უკვე 1 წელია გაჩერებული არიან. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს შევუმსუბუქოთ არსებული პრობლემები და ასევე, სახელმწიფო თანადგომით შევუნარჩუნოთ პოტენციალი, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება“, – განაცხადა კალაძემ და დახმარების პაკეტის დეტალებზე ისაუბრა.
„მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებს შევთავაზებთ მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ბიუჯეტი 2 მლნ ლარი იქნება და დახმარებას სფეროში დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი მიიღებს; საუბარია დიჯეებზე და ა.შ. სულ 50-ზე მეტი ორგანიზაციაა. ფინანსური პაკეტით, პირველ რიგში, ტექნიკური პერსონალი და მუსიკოსები ისარგებლებენ. ამასთან, ელექტრონული სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. იურიდიულ პირებს კომუნალური გადასახადების დაფარვაში დავეხმარებით. ასევე, ზაფხულში გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება“, – განმარტა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე სფეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აწარმოებდა.