მიუსაფარი ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისთვის ლანჩხუთის ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ყოველწლიურად იხარჯება, თუმცა, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება და ქუჩაში ძაღლების რაოდენობა წლიდან წლამდე, ნაცვლად შემცირებისა, პირიქით, იმატებს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს, წლის განმავლობაში, აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად, 20 ათასი ლარია გამოყოფილი. პროგრამის გახორციელება ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის პრეროგატივაა. უწყებამ, ადგილობრივ მცხოვრებთა უპატრონოდ დატოვებული ძაღლებისგან დასაცავად, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძაღლები ქუჩიდან თავშესაფარში უნდა გადაიყვანონ.
აღნიშნულ სამსახურს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ოზურგეთის შესაბამის უწყებასთან, რომელიც პერიოდულად ჩამოდის ლანჩხუთში და მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაჰყავს, სადაც მათ აცრა და კასტრაცია უკეთდებათ, შემდეგ კი ისევ უკან აბრუნებენ.
ღონისძიებები ტარდება და გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება, თუმცა, შედეგი მაინც არაა. წლებია, მიტოვებული ძაღლებით სავსე ქუჩები ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს. ასეთი ძაღლების პრობლემა სოფლის ცენტრებშიც თვალშისაცემია, თუმცა, ეს საკითხი განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში განლაგებულ მაღაზიებისა თუ სხვადასხვა კვების ობიექტის მეპატრონეებსა და მათ მომხმარებლებს აწუხებთ. ბევრი მიტოვებული ძაღლია რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, ასევე, ბენზინგასამართ სადგურებთან.
“ცხოველებსაც აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი და ისეთ ადგილებს ეტანებიან, თავი რომ გაიტანონ, მცირედი საკვების მოპოვება მაინც შეძლონ. საწვავის ჩასასხმელად მანქანა რომ მოდის, იმ წუთას მიირბენენ მასთან, იქნებ, რამე მაჭამონო, უმართლებთ კიდეც ზოგჯერ. ჩვენც, აქ მომუშავეებიც ვაჭმევთ რაღაცას, პურს მაინც. ძირითადად, ძუ ძაღლებს აგდებენ, ან დაბერებულს, უკვე რომ აღარ არგია პატრონს. მართლა ცოდვები არიან. მარტო საჭმელიც არაა საქმე, ცივათ, კანის დაავადება ემართებათ. კარგი იქნება, ასეთ ადგილებში პატარა სახლები დაიდგას მათთვის. საბედნიეროდ, საზოგადოება ბოლო პერიოდში უფრო კეთილი გახდა ცხოველების მიმართ”, _ ამბობს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელსაც მორიგეობისას ხშირად უწევს საკუთარი ლუკმა ქუჩის ძაღლებსაც უწილადოს.
მოქალაქეთა თქმით, მიუსაფარი ძაღლების უმეტესობას არც ყვითელი ნიშანი აქვს, რომ გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიგვანიშნებდეს.
“ძაღლები გუნდურად დადიან. უმეტესწილად, საცხოვრებელ კორპუსებთან, სავაჭრო და კვების ობიექტებთან იყრიან თავს. მსგავსი ვითარებაა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. სადაც კი გაივლი, ყველგან ნახავთ ქუჩაში უპატრონო ძაღლებს. თანაც ერთად, გუნდ-გუნდად დადიან. პირადად მქონდა შემთხვევა, ჩემს სავაჭრო ობიექტში მოულოდნელად ქუჩიდან უპატრონო ძაღლი რომ შემოვარდა და დახლზე დადებულ პროდუქტებს დაეძგერა. წინააღმდეგობის გაწევისას კინაღამ დამკბინა. მაღაზიის ახლოს მამაკაცები იდგნენ და ხმაურზე მომეშველნენ. ერთხელ მაღაზიიდან გასულ ქალბატონს ხელიდან ახლად ნაყიდი პური გამოგლიჯა. პატრონი არავინაა _ ალბათ, დროა, ვიღაცამ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.
ფაქტი ერთია _ სასწრაფოდ უნდა მოინახოს რაღაც გზა, რომლითაც პრობლემა მოგვარდება და ცხოველების უფლებებთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოებაც იქნება დაცული! ისეთ დღეში ვართ, რომ ეზოში ნორმალურად წიწილა ვერ გაგვიზრდია და ქათამი ვერ გაგვიშვია _ შეგვიჭამეს ძაღლებმა. ჩვენ რა დავაშავეთ, თუ ვიღაც უგულომ თავიდან მოიშორა ძაღლი და ქუჩაში დატოვა?! მას სულ არ ადარდებს, ამით სხვას რომ პრობლემები შეუქმნა. რამდენჯერ დაკბინა ქუჩის ძაღლმა ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც. კი გვეუბნებიან, ეს ძაღლები აცრილებიაო, მაგრამ მათ უმეტესობას ყურზე არ აქვს ყვითელი ნიშანი”, _ ასეთია ლანჩხუთელთა პოზიცია ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებთან დაკავშირებით.
ლანჩხუთელთა ნაწილის თქმით, მიუსაფარი ძაღლები მათთვის “მოხეტიალე საფრთხეს” წარმოადგენს, თუმცა, იმაზეც თანხმდებიან, რომ ცხოველების მიმართ ძალადობა დაუშვებელია: “მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დიდი ხანია, აწუხებს ქალაქს, სამწუხაროდ, მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. არ ვარ მომხრე ცხოველების მიმართ ძალადობის, პირიქით, გული მეწვის გაუბედურებულ და დაჩაჩანაკებულ ძაღლებს რომ ვხედავ ქუჩაში. ბევრჯერ მიყიდია პური მათთვის, მაგრამ ეს რას შველის?! ვფიქრობ, ასეთი ძაღლები უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ, სადაც ოთხფეხა მეგობრებს სიცოცხლისთვის საჭირო პირობები ექნებათ და ჩვენთვისაც აღარ იქნებიან საშიში. ქუჩაში მიმავალს ნაყიდი ხაჭაპურები ისე წამგლიჯა ხელიდან ძაღლმა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, თუ რა მჭირდა. ამას წინათ დედაჩემს დაესხა თავს რამდენიმე ძაღლი და პროდუქტებით სავსე პარკი დაუგლიჯეს. ქალი შეშინებული და ფერდაკარგული მოვიდა სახლში. ამიტომ ყველას გვმართებს ამ კუთხით რამის გაკეთება, დამშეული ძაღლებით არ უნდა იყოს სავსე ქალაქი!” _ ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
საგულისხმოა, რომ ლანჩხუთში ბოლო პერიოდში არა ერთი ადამიანი გამოჩნდა, უფრო მეტად კი ახალგაზრდები, რომლებიც მიუსაფარი ძაღლების მიმართ მზრუნველობას იჩენენ, აჭმევენ და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობენ კიდეც.
“კი იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა და გადაჰყავთ ეს ძაღლები აცრებისა და კასტრაციის გასაკეთებლად, მაგრამ ეს არაა საკმარისი და პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. თავშესაფარი უნდა გაკეთდეს, სადაც მიუსაფარი ძაღლებისთვის ყველა საჭირო პირობები იქნება, სიცივე არ შეაწუხებთ და ღამის გათევა ღია ცის ქვეშ არ მოუწევთ, საკვებიც ექნებათ. ასე ძაღლიც უსაფრთხოდ იქნება და ქუჩაში გამვლელი მოქალაქეც. სტერილიზაციითა და კასტრაციით გამრავლების მართვა კი ხდება, მაგრამ უკან, ქუჩაში დაბრუნებულ ძაღლს ისევ წანწალი უწევს საკვების მოსაპოვებლად.
ვიღაცას ნაგვის ურნაში ჩაეგდო პოლიეთილენის პარკში ჩასმული ლეკვები. ამოვიყვანეთ, ვუპატრონეთ და მათ გაჩუქებაზეც ვიზრუნეთ. ზოგი ძაღლს დაბერების გამო აგდებს, ზოგი ლეკვებს იშორებს თავიდან. თუმცა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა, ბოლო პერიოდში არის სასიკეთო ძვრები და ადამიანები ისეთი აგრესიულები აღარ არიან მიუსაფარი ძაღლების მიმართ. იმედია კიდევ უფრო მეტად წავალთ უკეთესობისკენ”, _ ამბობენ ლანჩხუთელი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობენ, დახმარება და მზრუნველობა გაუწიონ უპატრონოდ დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს. მათი აზრით, კანონი მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში ტოვებს.
ის, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ნამდვილად აწუხებს მოსახლეობას, ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებაშიც თანხმდებიან და იმასაც ადასტურებენ, რომ მათ მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს, თუმცა, დასძენენ, რომ მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, ამ ეტაპისთვის მაინც.
ცნობისთვის, ლანჩხუთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაც კი დაამტკიცა 2015 წლის თებერვალში, რომლის მიზანი გახლდათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.