დღეს ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები, „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო, რომელიც გულისხმობს:
1) არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ მოხდება კვლევების ხელახალი გადამოწმება, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს.
2) შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალურ პროექტებს.
3) დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, რაც სწორ კომუნიკაციასა და სახელმწიფოს მეტ ჩართულობას გულისხმობს.
4) შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს.
განცხადების შემდეგ, შეხვედრა ექსპერტებსა და „რიონის ხეობის გუშაგებს“ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს, რასაც მცველებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მათ აღარ ისურვეს ექსპერტებისთვის კითხვების დასმა და შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს.(R)