კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით დღეს სამტრედიაში პირველი ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი, ლუარა კახიანი აიცრა.
პროტოკოლის შესაბამისად, ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრიდან, სამტრედიის ჯეო ამბულატორიის სპეციალურად მოწყობილ იმუნიზაციის კაბინეტში გადმოიტანეს.
წინასწარ მოხდა ასაცრელი კონტიგენტის რეგისტრაცია, ვიზიტის დაჯავშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა. მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდა იმუნიზაცია.
„ასტრაზენეკას“ ერთი დოზა, წესის მიხედვით, 10 ადამიანზე ნაწილდება. ამდენად, დღეს მედიცინის სფეროს 10 წარმომადგენელი აიცრა.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
როგორც ლუარა კახიანი ამბობს, თავისი გადაწყვეტილებით სამტრედიელებს მაგალითი მისცა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რომელიც პანდემიის დასასრულის დასაწყისია.
ცნობისთვის, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. 43 200 დოზიდან იმერეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5500 დოზა ჩაიტანეს, საიდანაც 450 სამტრედიის მუნიციპალიტეტს ერგო.