ოზურგეთის საკრებულოში 2020 წელს გაწეული მუშაობის მოსმენა დაიწყო. თავიანთი საქმიანობის შესახებ, ანგარიშს წარადგენენ, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, ისე მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები.
დღეს, ოზურგეთის საკრებულოს ბიუროზე, საკრებულოს აპარატის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ წარადგინა.
მან საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიური პერიოდისა, ერთობლივად შეძლეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა.
_ 2020 წლ ს კოვიდ-19 სერიოზული გამოწვევაა და ამასთან ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა, საკრებულოსა და აპარატისთვის. ახალი ფორმატის სამუშაო გეგმის საფუძველი ინოვაციური, ციფრული, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება გახდა. რაც, თავისთავად, უზრუნველყოფდა აქტიურ ჩართვას ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ეტაპზე, _ თქვა მან და ყურადღება გაამახვილა ვებ-გვერდზე www. Ozurgeti.mun.gov.ge, რომელიც მომხმარებელთან ელექტრონული პლატფორმების დაკავშირების ხერხების ძიების დროს შეიქმნა.
ნანა თავდუმაძემ ისაუბრა სხვა ელექტრონულ მექანიზმებთან ერთად, ვებგვერდზე განთავსებულ ვიზუალურ ბიუჯეტზე.
_ ბიუჯეტები, ტექსტური ვერსიები განთავსებულია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, თუმცა ბევრ მოქალაქეს უძნელდება ბიუჯეტის ტექსტურად გაგება. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა ვიზუალური ბიუჯეტი აქ განთავსებული ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2020 წწ. სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმას უკავშირდება, _ თქვა მან და განსაკუთრებულ მიღწევად შეაფასა ღია მმართველობის გლობალურ ( OGP-Local) პარტნიორობაში გაწევრიანება.
_ ამ პარტნიორობის წევრად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კონკურსის წესით, ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მიხედვით შეირჩა. საქმიანი დისკუსიები, ნოვაციები, ანალიტიკური მსჯელობები თვითმართველობის შესახებ – ეს არის ძირითადი თემები, რის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული და კეთდება უდიდესი საქმე, _ თქვა მან.ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, თავდუმაძემ ისაუბრა ვიზუალურ ბიუჯეტზე.