,,ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს“ – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასევე მან აღნიშნა, რომ ნატოს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.
„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს. ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობით დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.