ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართველი მომღერლის, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვარლამ სიმონიშვილის მოგონებებს.
„ჩემი მასწავლებელი ანტონ დუმბაძე, მასთან შვიდწლიანი განსწავლის პერიოდში, სწავლის დროს მესაუბრებოდა კიდეც ხოლმე და მიხსნიდა გურიის წარსულ ამბებს – მოხუცი თავსაც იქცევდა ჩემთან საუბარში. მე შევეკითხე, თუ სად ისწავლა მან ეს უთვალავი საგალობელი და სიმღერა. მან ასე მიპასუხა: გელათის (იმერეთის) ეპისკოპოსმა ექვთიმემ, რადგანაც კარგ განწყობილებაში იყო გურიის ეპისკოპოსთან, მას გამოუგზავნა სამი ძმა ცქვიტიშვილები _ მერაბი, ივანე და ნესტორი. ისინი ეპისკოპოს გაბრიელის განკარგულებით დაასახლეს სოფელ აკეთში. ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო წლებში.
იმ ხანად სოფელ შემოქმედის მონასტერში ცხოვრობდა ქველმოქმედი მღვდელი გიორგი დუმბაძე, რომელიც ზრდიდა მიუსაფარ ახალგაზრდებს _ ასწავლიდა მათ გალობას და მცირედ მუშაობასაც აჩვევდა. გიორგიმ ცქვიტიშვილებს მათი ჩამოსვლისთანავე გაუგზავნა მისი ნათესავი ახალგაზრდა ანტონ დუმბაძე და მისი მონათლული მაქსიმე ჩხატარაიშვილი ხუთი წლის ვადით საგალობლების სასწავლებლად. ხუთი წლის გასრულების შემდეგ სრული ცოდნით დაუბრუნდნენ გიორგი დუმბაძეს.
ცქვიტიშვილებთან სწავლობდა, აგრეთვე, ახალგაზრდა ნიჭიერი თავადი დათა გუგუნავა, რომელიც შემდგომ თავად ასწავლიდა ახალგაზრდებს, როგორც თავადებს, ისე ნიჭიერ გლეხის შვილებსაც. დათა გუგუნავა ასწავლიდა ჭრელ საგალობლებს და პირველხარისხოვან სიმღერებს.
როგორც გადმომცა მგალობელმა ანტონ დუმბაძემ დათა გუგუნავას შეთხზულია “შავი შაშვი“, „გრძელი ღიღინი“, „სუფრის ხელხვავი“, „ჭრელი საგალობელი“, „პატარა საყვარელო“, „დედოფლის სიმღერა“, „ვახტანგური“, „კვატიტო ფირუზი“ და სხვა.“
მე-19 საუკუნის შუა წლებში გურიაში ცხოვრობდა თავადი სამოელ მაქსიმელაშვილი, რომელსაც უყვარდა სიმღერები და ჭრელი ძლისპირები. მისთვის სულერთი იყო გლეხი, აზნაური, თავადი.. თუ კი ის კარგად მღეროდა და კარგი ხმა ჰქონდა. მან დათა გუგუნავას გაუგზავნა მისი მახლობელი ახალგაზრდა ნიჭიერი გლეხის შვილი სამუელ ჩავლეიშვილი, სამაგიეროდ დაპირდა ტევანდიდის ღვინოს (გუგუნავას მამულში იმ დროს ღვინის მოსავალი ნაკლები იყო, სამუელ მაქსიმელაშვილს კი ბევრი მოსდიოდა). პატარა სამუელ ჩავლეიშვილი დათა გუგუნავასთან დარჩა ერთი წელი: შეისწავლა ნაწილობრივად სიმღერები და ძლისპირები. იქიდან კი ისევ დაბრუნდა მაქსიმელაშვილისას. როდესაც დათა გუგუნავა გარდაიცვალა, გურიის მომღერლების თავშეყრის ადგილი გახდა თავად მაქსიმელაშვილის სახლი ბაღდათში.
ძმებმა ცქვიტიშვილებმა გურიას გაუზარდეს ანტონ დუმბაძე, მაქსიმელ ჩხატარაიშვილი, დათა გუგუნავა. მათ თავის მხრივ განასწავლეს გურიის ახალგაზრდობა და იმერეთსაც დაუბრუნეს გავარჯიშებული სუფრის სალხინო სიმღერები. ამ ბოლო ხანებში იმერლებიც გზავნიდნენ ახალგაზრდებს სიმღერა–გალობის სასწავლად ანტონ დუმბაძესთან ხუთწლობით.
როგორც აღვნიშნეთ, პირველხარისხოვანი სიმღერები და ძლისპირების საგალობლები გურიაში მოვლინებულია იმერეთიდან ჩამოსული გელათის ეპისკოპოს ექვთიმეს გამოგზავნილ სამი ძმა ცქვიტიშვილებიდან, ამისთვის ძველი მგალობლები ანტონ დუმბაძე და მაქსიმე ჩხატარაშვილი იმერულ საგალობლებს ეძახდნენ“, _ წერს ვარლამ სიმონიშვილი.