31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დღემდე კამათის საგანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ოპოზიციის ბოიკოტი პანდემიიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება და მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოწინააღმდეგეების გარეშე უწევს.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ჩოხატაურში შექმნილ ვითარებაზე, გაყალბდა არჩევნები და უნდა ჩატარდეს თავიდან თუ არა, ასევე, რა უნდა ქნას ოპოზიციამ შევიდეს პარლამენტში თუ გააგრძელოს ბოიკოტი ქუჩაში.
ჩოხატაურში შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით გამოკითხული მოქალაქეების აზრი შუაზე გაიყო, თუმცა, რაშიც თანხმდებიან, ისაა, რომ ბოიკოტის ქუჩაში გაგრძელება უშედეგოა და ოპოზიცია სამუშაოდ პარლამენტში უნდა შევიდეს.
„არჩევნები ხომ ჩატარდა, არ ვფიქრობ რომ თავიდან უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“,_ გვითხრა მანუჩარმა.
„არჩევნები ხელახლა არ უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, მათი გადასაწყვეტია“,_ გვითხრა ერთ-ერთმა გამოკითხულმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ჩემი აზრით, არჩევნები გაყალბდა და უნდა ჩატარდეს თავიდან. ბოიკოტი კი გამოაცხადა ოპოზიციამ, მაგრამ უკან არ იხევენ ისინი და ვადამდელ არჩევნებს არ ნიშნავენ. თუ არ დაინიშნა არჩვენები ბოიკოტი არ შველის. უნდა შევიდნენ პარლამენტში და იქედან იმუშავონ“, _ გვითხრა ლევანმა.
„სად გვცალია ხელახალი არჩევნებისთვის? რაც ჩატარდა ძალიან კარგად ჩატარდა. ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“,_ გვითხრა კიდევ ერთმა გამოკითხულმა.
„შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იმ ადამიანებმა უნდა იპოვნონ, ვინც ამ საქმეში ჩართულები არიან. რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ქუჩაში აქციების გაგრძელებას არ ვეთანხმები“,_ ამბობს კიდევ ერთი გამოკითხული.
„არჩევნები არ უნდა ჩატარდეს თავიდან. ოპოზიციას რომ გაემარჯვა, ჩაატარებდა არჩევნებს? უნდა შევიდნენ პარლამენტში“- თქვა კიდევ ერთმა მოქალაქემ ჩვენთან საუბრისას.
„არ ვინტერესდები პოლიტიკით. რა ვიცი, რა უნდა იყოს. არ ჰყავს პატრონი საქართველოს“,_ ამბობს მამუკა.