ოპოზიცია მოგვიწოდებდა დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოიგებენ, მანამდე შედეგებს არ აღიარებენ.
„ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ამ პარტიებს ყველას გვემუშავა პარლამენტში, ვინც სცა პატივი მოქალაქეების არჩევანს, ცხადია, ეს არის „ქართული ოცნება“ და ორი ოპოზიციური პარტია და ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. შესაბამისად, ამ პრინციპით თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერც საარჩევნო რეფორმას გავაგრძელებთ და ვერც შევთანხმდებით, თუ რეალურად რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით. რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, ზურგი უნდა შევაქციოთ თურმე ჩვენს მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
1tv.ge