“გავერთიანდებით ერთი იდეის ქვეშ, რასაც ჰქვია მოძრაობა საქართველოსთვის”, – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოძრაობა საქართველოში მოიცავს საზოგადოების დიდ ნაწილს და ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
“ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, განცდა, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივად არ წავა კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენს საზოგადოებაში. თუ ჩვენ არ გავმოძრავდებით, თუ ერთად არ დავირაზმებით და გავერთიანდებით ერთი იდეის ქვეშ, რასაც ჰქვია მოძრაობა საქართველოსთვის. მოძრაობა საქართველოსთვის არის, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება… ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი წავიდეს მშვიდობიანად, ვადამდელი არჩევნებით, ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დანიშნოს, შეთანხმებით, მაგრამ, თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთნხმებით, მაშინ დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან… იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა” – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 15 მაისამდე აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.