12 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურიაში 11 წლის ბავშვ-გოგონაზე მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. მამაკაცი დაკავებულიa, ხოლო გოგონაზე სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები ზრუნავენ.
“ოზურგეთში მომხდარი ფაქტი _ 11 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა საგანგაშო სიგნალია, რომ ჩვენი ბავშვები არ არიან დაცული, ბავშვზე სექსუალური ძალადობა, ძირითადად, სწორედ ოჯახის წევრიდან ან ახლობელი ადამიანის მხრიდან ხორციელდება. მიზეზი კი საზოგადოების მანკიერებაა. კვლევებით დადგენილია, ყველა მოძალადე თავად იყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოში ყველა მე-7 ქალი ძალადობის მსხვერპლია“, _ საუბრობს “გურია ნიუსთან“ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბერიძე.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში, არის საქართველოს კანონი ბავშვთა დაცვის მექანიზმების მაქსიმალურად ამოქმედების მიზნით და იგი „ბავშვის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვანების პერიოდში სასამართლოსთვის მიმართვამდე _ (მუხლი 77). დამნაშავე დაისჯება, მაგრამ ეს ბავშვის შერყეულ ფსიქიკას ვერ გამოასწორებს. არაერთგზის დადგენილია, რომ ბავშვების რეაქცია ძალადობაზე განსხვავდება ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ ყველა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე და სამიზნეა, ხასიათდება სერიოზული ქცევითი პრობლემებით. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ემოციური ტრავმები, შიშები, ჩაკეტილობა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე, ამიტომ დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ვთხოვთ ყველას, ვინც მსხვერპლთა თანადგომის ნაცვლად შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, სტატუსებს წერს, ცინიკურად მოიხსენიებს მათ, დაფიქრდნენ იმაზე, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს გარკვეული ადამიანური ზღვარი. ეს თქვენი კეთილშობილებაა და ბოლოს, ყველა ქალს, გოგონას, რომლებიც განიცდიან ძალადობას, ვუთხრათ, რომ არ არიან მარტო, მათ იცავთ კანონი და ამ კანონით სარგებლობის უფლების ღირსი არის ყველა.
სანამ ტრაგედიამდე მივალთ, მანამ შევაჩეროთ ძალადობა. თქვენი უფლებების დასაცავად უამრავი ადამიანი იბრძვის და მიენდეთ მათ. ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს დახმარების კრიზისული ცენტრი (მათ შორის, ოზურგეთშიც), არსებობს თავშესაფარი, სადაც თქვენ შვილებთან ერთად დაგიცავენ, დაგეხმარებიან, გაგაძლიერებენ, დაგეხმარებიან პროფესიის დაუფლებაში, გადაწყვეტილების მიღებაში. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, დარეკეთ 112- ზე, დარეკეთ ძალადობისაგან დაცვის ცხელ ხაზზე _ 116 006, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელ ხაზზე _ 032 2 726717, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონულ კომიტეტში_ 599 334550, 599 430086.
…და კიდევ, ჩამოტვირთეთ ტელეფონში 112-ის აპლიკაცია SOS, მხოლოდ ზარის დაფიქსირებაა საჭირო, შედის სიგნალი, რომ ამ მისამართზე ხდება ძალადობა და დაუყონებლივ დაგეხმარებიან“.
ოფიციალური ინფორმაციით: გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის _ 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.
„მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, _ აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 15-დან 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.