მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლის სახეზე არსებული მიმიკური კუნთები ისეთი გამომეტყველებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელთა მიღებაც მგლებს არ შეუძლიათ. ძაღლები წარბების აწევასა და თქვენთვის თავის შეცოდებას თვალების გარშემო არსებული სპეციალური წყვილი კუნთების საშუალებით ახერხებენ.
ეს პირველი ბიოლოგიური მტკიცებულებაა იმისა, რომ ძაღლებს მოშინაურების პროცესში ეს კუნთები ერთი კონკრეტული მიზნისთვის, ადამიანებთან კომუნიკაციისთვის გამოუმუშავდათ. ეს ორი კუნთი თვალებს უფრო დიდს და საყვარელს აჩენს, რაც ძაღლებს ადამიანებისგან მეტი სარგებელის მიღების საშუალებას აძლევს.
კვლევა პორტსმუთის უნივერსიტეტის ძაღლთა შემეცნების ცენტრის გუნდმა ჩაატარა. მეცნიერები უკვე დიდი ხანია სწავლობენ, თუ როგორ ამყარებენ ძაღლები ადამიანებთან თვალის კონტაქტს და თუ როგორ იყენებენ ისინი ამ კომუნიკაციისათვის წარბებს.
კვლევის ავტორმა, ჯულიან კამინსკიმ დაადგინა, რომ ძაღლები წარბებს უფრო ხშირად ამოძრავებენ მაშინ, როდესაც ადამიანი მათ ყურადღებას აქცევს, ხოლო უფრო ნაკლებად, როდესაც მათ ვაიგნორებთ, ან საკვებს ვაძლევთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ წარბების მოძრაობა, გარკვეულწილად, მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ როდესაც ძაღლები ადამიანებთან კომუნიკაციისას წარბის კუნთებს იყენებენ, ჩვენ მათ მიმართ უფრო დამყოლები ვხდებით.
წარბის აწევა არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი სიგნალია, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.
ძაღლებს აქვთ უნარი, რომ ადამიანებს მოგვბაძონ და ჩვენგან გარკვეული ქცევები გადაიღონ. ასეთ ქცევას მათთვის პირდაპირი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ძაღლებს, რომლებიც წარბებს აქტიურად იყენებენ, თავშესაფრებიდან ბევრად უფრო სწრაფად იყვანენ.