ლანჩხუთის საკრებულოს მორიგმა სხდომამ, რომლის დღის წესრიგიც 13 ძირითადი საკითხით იყო განსაზღვრული, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დეპუტატებმაც, ფაქტობრივად, დებატებისა და შენიშვნების გარეშე დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ საკითხებს. ერთადერთი, რაზეც მცირედი დისკუსი გაიმართა და აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, მერიის იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებული პროექტის წარდგენა იყო, რომელიც ლანჩხუთის მერიაში შრომით დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდაზე მერიისთვის თანხმობის მიცემას ეხებოდა.
კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რიცხოვნება არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნების 5%-ს და რადგან ლანჩხუთის მერიას ეს ლიმიტი ათვისებული აქვს, კანონისვე გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით.
სწორედ ამ თანხმობის მისაღებად წარუდგინა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა ელიკო ემნაძემ.
„კოვიდ პანდემიის გამო მედიცინის მუშაკების გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ჯანდაცვის სპეციალისტი მუდმივად იქნეს დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელედ. საჭიროა გაიზარდოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დამხმარე (არამუდმივი) ამოცანების შესრულების მიზნით არსებული, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება ერთი ერთეულით, რომელშიც იგულისხმება სპეციალისტი სამედიცინო განათლებით სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში“, – ნათქვამია მერიის მხრიდან საკრებულოში წარდგენილ განმარტებით ბარათში, სადაც პროექტის მიზეზე, მიზანსა და არსზეა საუბარი. იქვე ისიცაა განმარტებული, რომ პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლისთვის ლანჩხუთის საკრებულოში, ამირან გიგინეიშვილისთვის ცოტა გაუგებარი იყო, თუ რეალურად რა შედეგის მომცემი იყო წარმოდგენილი პროექტი.
„კომისიის სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობისას ვიკითხე თუ რა არის ამ ახალი შტატის შედეგად იმ სამსახურის უკეთესობის შედეგი. მაშინ ვერ მივიღე პასუხი და ახლა მაინც მითხარით! ნახევარი ევროპა მოვლილი მაქვს თვითმმართველობის საკითხებით და არსად დედამიწის ზურგზე არც გამიგია და არც მინახია, რომ საავადმყოფოს ან პოლიკლინიკის ფუნქცია შეეთავსებინოს მუნიციპალიტეტს. კომისიის სხდომაზეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუ ვინმე კონკრეტულ ექიმს გინდათ მისცეთ ხელფასი მითხარით, კი ბატონო, თანახმა ვარ თუ არადა ამ საკითხს მხარს ვერ დავუჭერ“, – თქვა ამირან გიგინეიშვილმა.
გარდა გიგინეიშვილის მხრიდან გაჟღერებული შენიშვნისა სხდომათა დარბაზში სხვა დეპუტატების მხრიდანაც ისმოდა გარკვეული რეპლიკები. ზოგი ინტერესდებოდა, მერიაში, ზემონახსენებ პოზიციაზე დასასაქმებლად, იყო თუა არა საჭირო კადრი უკვე შერჩეული. ზოგსაც კითხვა – გაუჩნდა სოცმუშაკისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი ჩართულობით რატომ ვერ მოხდებოდა საჭირო ფუნქციის განხორციელება.
„ოჯახის ექიმები ხომ არსებობენ, თავისთავად სოციალური მუშაკებიც გვყავს ჩვენ. ოჯახის ექიმმა სოციალურ მუშაკთან რომ განახორციელოს ეს ფუნქცია არ შეიძლება?! ყველა სოფელში არსებობს ამბულატორია, ექიმი“- მერიაში დასაქმებულთა რიცხოვნების გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მახათაძემაც დააფიქსირა.
ამ მცირედი პოლემიკის შემდეგ ჯერი საკითხის კენჭისყრაზე მიდგა და დეპუტატებმაც მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს, ამირან გიგინეიშვილის გამოკლებით.