დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული დამოუკიდებლობის დღის, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლოკალურად, თუმცა, ლამაზად გაიმართა.
მხარის ხელმძღვანელი პირები _ სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი სახოკია, მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, სხვა ხელმძღვანელ პირებთან, თანამშრომლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ლიხაურში, ეროვნული გმირის, ნინო თოიძის საფლავს შეიკრიბნენ, გვირგვინებით შეამკეს იგი სანთლები აანთეს.
სოფელ ლიხაურის ცენტრში, კულტურის სამსახურის ინიციატივით, მოეწყო 9 აპრილის დღეების ამსახველი ფოტოგამოფენა.
_ ჩვენი ძალებით დავამზადეთ ეს ფოტოები და ასეთი ემოციით მდუმარე საათი მივუძღვენით ჩვენი გმირების ხსოვნას, – თქვა „გურია ნიუსთან“ კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ.
ნინო თოიძის საფლავზე იყვნენ გმირის ახლობლები, თანასოფლელები.
სოფლის ახალგაზრდებმა გვირგვინით შეამკეს გმირის საფლავი.
_ ეს დღე გლოვის დღეა, თუმცა, არის საზეიმო დღეც. ზუსტად დღევანდელ დღეს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობა. მიხარია, რომ ტელევიზიებმა ახლა უფრო კარგად გააშუქეს ცხრა აპრილის მოვლენები, ვიდრე გასულ წლებში. კი იხსენებდნენ, თუმცა, უფრო ცოტა დროს უთმობდნენ, თითქოს, რაღაცნაირად მივიწყებული იყო. ახლა კი მომეწონა. უნდა ახსოვდეს ყველას, რომ, რაც უფრო კარგად გადასცემენ ამ ამბავს, მით უფრო გაიღვიძებს ახალგაზრდა თაობაში ქართული გენი. სამშობლოს სიყვარულია უმთავრესი, რისთვისაც დაიღუპნენ ჩვენი გმირები ცხრა აპრილს, _ გვითხრა ოზურგეთელმა მხატვარმა ვახტანგ მამეშვილმა.
ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გურიას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა კობა დუნდუამ, 9 აპრილს ქართული სულის გამოვლინების დღე უწოდა.
_ იმ ადამიანებს, გმირებს შორის, ვისი სისხლიც დაიღვარა 9 აპრილს, ჩვენი ნინო თოიძეა. 9 აპრილის გმირებმა მისცეს მოტივაცია ერს, როგორ უნდა დაამარცხო სიკვდილი სიკვდილით. ეს დღე არის ქართული სულის გამარჯვების დღე, თავისუფლების დღე, რომელიც გმირებმა მოიტანეს და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ თავისუფლებას და გავაძლიეროთ ის, _ აღნიშნა კობა დუნდუამ.
_ სისხლი დაიღვარა ცხრა აპრილს. ზვარაკად შეწირული ხალხი გვყავს. თავისუფლება მათი მონაპოვარია. ორი გურული გოგონა ამ დიდებული დღის მონაწილე. ეს ბედნიერებაა და უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა. მათ ხსოვნას მუდამ მოწიწებით უნდა მივაგოთ პატივი, _ გვითხრა ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ვახტანგ მამეშვილმა.
გიორგი სახოკია, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში:
_ ეს დღე ბრძოლის და თავგანწირვის დღეა. 1989 წლის 9 აპრილმა მოიტანა 1991 წლის 9 აპრილი, როცა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა. ბევრ დაღუპულ გმირს შორის არის ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე. გურიას ორი გმირი ჰყავს. მადლობა გმირებს და დიდება მათ მოტანილ თავისულფებას! _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.
_ თავისუფლებას შესწირეს თავი. იბრძოლეს, თუმცა, მაინც არ გვაქვს ისეთი ნანატრი თავისუფლება, როგორიც გვსურდა. მაინც იმედით ვარ, რომ გვექნება საკადრისი თავისუფლება, მათ ამას საიმედო საფუძველი ჩაუყარეს. ჩემი ბიძაშვილია და ახლა სწორედ ამ განწყობით მივდივარ ნინოს საფლავზე, _ გვითხრა ლიხაურის მკვიდრმა იაგორ თოიძემ.