“გირჩის” სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შალრ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შესაბამისი ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს.
როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი.
,,ვუსურვოთ წარმატება ამ პროექტს, მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი, გვინდოდა შეთანხმება.
ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია – მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.
იაგო ხვიჩიამ, აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება ცალხმრივი იქნება და “ქართული ოცნება” მას ხელს არ მოაწერს, იმ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებენ, რაც დაანონსეს.
„მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.