საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა, შარლ მიშელის ახალი შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.
მან, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ საქართველოში ხვალ თუ არა ზეგ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში.
“რაც აქამდე გააკეთა ოპოზიციურმა ერთობამ ეს არის უპრეცედენტო რამ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი შარლ მიშელისგან, დადასტურებული ევროკავშირის მიერ. ახლა ეს გვაძლევს შესალებლობას პოლიტიკოსებს, რომ სულისკვეთება რეალიზდეს და რეალიზდეს იმაში, რომ საქართველოში ხვალ თუ არა ზეგ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პარპაშობს, ვინც იქ მიდის, როგორც ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა – არ მინდა, მომბეზრდა! მე ყველასთან ერთად მივდივარ იქ, რომ ამისთვის ვიბრძოლო, მაგრამ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით, რომ დავასრულოთ ეს მარაზმი ქვეყანაში. “ევროპული საქართველო”, რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? – იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.
შარლ მიშელის შეთახმების ახალი ტექსტს, ხელი მოაწერა ,,ქართულმა ოცნებამ“. ასევე, ოპოზიციური ოპოზიციური პარტიებიდ დოკუმენტს ხელი მოაწერეს: “ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ
დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
შარლ მიშელის დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელს არ აწერს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.