ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი “ზინაიდა”, რომელმაც საზოგადოების დადებითი განწყობა და სიყვარული დაიმსახურა. მას საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს ტიკტოკსა და ფეისბუქზე. “გურია ნიუსმა” გადაწყვიტა უფრო მეტი გაეგო მასზე.
“წარმოშობით მუხრანიდან ვარ და ჩემს სიბერესაც მუხრანში ვხედავ. ქართლის ჯიშები მაქვს უკვე არჩეული “შავკაპიტო” და “თავკვერი”, რასაც ვენახში მოვუვლი… ჩემი გამომწერები დამპირდნენ, რომ გამომიგზავნიან თხებს”, _ გვეუბნება გვერდის ადმინისტრატორი გიორგი მახარაშვილი.
_ როგორ დაიწყო ყველაფერი _ გვერდის შექმნა, ვიდეოების იდეები და ასე შემდეგ?
_ პროფესიით სერვისის მენეჯერი ვარ სარესტორნო სფეროში. სტაფში მუდმივად ვხუმრობთ და ვიდეოებს აქამდეც ვიღებდი და უბრალოდ, ჩვენთვის ვინახავდით. მერე ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტიკტოკი მანახა და მე მეგონა, რომ იყო ვიდეოების დასამუშავებელი აპლიკაცია, სადაც ფერებს დაადებდი, მოჭრიდი და ააწყობდი.
შემთხვევით, დაახლოებით, 10 ვიდეო ავტვირთე და თურმე ხალხიც ნახულობდა, მე არ ვიცოდი. გამიკვირდა, რა კომენტარები მომდიოდა, საიდან ნახულობდა ხალხი ვიდეოებს.
_ რატომ “ზინაიდა”?
_ “ზინაიდა” შემთხვევით დავირქვი. აკვიატებები მაქვს. ახლა, მაგალითად, სახელზე _ ჯუნა. “ზინაიდა” ბებიაჩემის პროტოტიპია. თითქმის ყველა ვიდეოში რასაც ვსაუბრობ ხოლმე, ბებიაჩემის ფიქრებია, ის ფიქრობს ასე. ხშირად ჰგონიათ, რომ ასე ვფიქრობ მე, არა, მე ასე არ ვფიქრობ! ბებიაჩემი ფიქრობს ასე _ რომ ქალს კაბა უნდა ეცვას, რომ ქალი და კაცი ერთად სალონში არ შეიძლება. “შრილანკები” შეიძლება?! მშრომელ ქალს რომ ამხელა ფრჩხილები ჰქონდეს, ის როგორ დარეცხავს სარეცხს…. და ასე შემდეგ….
_ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ „ზინაიდა“ შემდეგ „ჯუნად“ იქცეს?
_ არა, ჩემს სამომავლო გეგმებში აუცილებლად იქნება “ზინაიდა”
_ ვინ არის „ზინაიდას“ ავტორი რეალურ ცხოვრებაში?
_ გიორგი მახარაშვილი, 25 წლის, პროფესიით მზარეული.
_ რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე მხიარული ხართ, როგორც ეს ვიდეოებში ჩანს?
_ არა, მარტოობა და სიმშვიდე მიყვარს. ამიტომ მიყვარს თელავიც. თელავში ყველაფერია იმისთვის, რომ მშვიდად იყო. აქ არ არის ქაოსი, ბევრი ხალხი… მარტოობა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ფიქრი. მაგრამ ადამიანებს არ უყვართ ფიქრი და მეც ასე ვლაზღანდარობ… ამბობენ, ყველაზე სევდიანები, ყველაზე მხიარულები ჩანანო და შეიძლება ასეც არის…
_ რატომ “ზაქო”?
_ ცხოველებზე ვგიჟდები. განსაკუთრებით მიყვარს თხები, ძროხები და ზაქი ჩემი ფავორიტი ცხოველია. ყველას, ვისაც ვეუბნები “ზაქო”, ესე იგი, მიყვარს, სიმპათიას გამოვხატავ მის მიმართ. ანუ, როგორც ვიღაცისთვის “ძვირფასო”, “მშვენიერო”, ასეა ჩემთვის “ზაქო” _ კარგ ადამიანთან ასოცირდება.
_ დასაწყისში ხომ არ გქონდათ შიში ან მოლოდინი იმის, რომ თქვენს გამომწერებს ეს სიტყვა უარყოფითად მიეღოთ?
_ არა… თავიდანვე აიტაცა ყველამ, ვინც უყურებს. არავის ჰქონია პრეტენზია. არ ვფილტრავ კომენტარებს, არაფერს ვშლი. ცუდი არაფერი დაუწერიათ ჩემი მისამართით.
_ ოცნებობთ, რომ გქონდეთ პატარა სახლი, პატარა ვენახით და ოთხი თხით. რატომ მაინცდამაინც თხა?
_ რაღაც ჩემი ხასიათი აქვთ თხებს. თითქოს ლაღები არიან, ცოტა მკაცრები და სასაცილოები.
_ შეიძლება, რომ თქვენი ოცნების პატარა სახლი იყოს თელავში?
_ არა, წარმოშობით მუხრანიდან ვარ და ჩემს სიბერესაც მუხრანში ვხედავ. ქართლის ჯიშები მაქვს უკვე არჩეული “შავკაპიტო” და “თავკვერი”, რასაც ვენახში მოვუვლი…
ჩემი გამომწერები დამპირდნენ, რომ გამომიგზავნიან თხებს… ძალიან მინდა, რომ ორმოც წელს იქით უკვე სოფელში ვიყო.
_ თელავში რომელიმე ადგილს თუ გამოარჩევდით?
_ კაფე “გიშერი” ჩემი საყვარელი კაფე გახდა ამ ბოლო დროს და “ნადიკვარი”.
დასვენების დღეს მაქვს ასეთი ლოკაცია: გავედი სახლიდან, ავიღე ყავა „გიშერში” და წავედი “ნადიკვარზე”. იქ კავკასიონის ფანტასტიური ხედია. ყველაფერზე დაგაფიქრებს, ვინ ხარ, რა ხარ, რა გინდა, ბუნება რა არის, რა მოგცა, რას გართმევს, რისთვის ხარ, რა უნდა გააკეთო _ ფანტასტიკური ადგილია. ამ მთებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ აქედან როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, რამ უნდა გაიძულოს, როგორ უნდა გიჭირდეს, რომ აქაურობა დატოვო. ამაზე ვფიქრობ, ნადიკვარზე როცა ვარ.
_ მოგვიყევი იმ ემოციებზე, როდესაც ქუჩაში გადიხარ და გცნობენ
_ ადრე ვიყავი კომპლექსების ბუკეტი. ვიღაც რომ უბრალოდ შემომხედავდა, ჩემს თავში საშინელი განცდები მქონდა. ტიკტოკმა შემაძლებინა კამერასთან მუშაობა და ბევრი რაღაცები. თელავში როცა სახლიდან გავდივარ, ვგრძნობ ამას მზერით. უმეტესად მეუბნებიან “შენ ის ხარ?!” რაღაცებს მჩუქნიან ხოლმე. ყავის მადუღარა და ნამცხვარი მაჩუქეს ამასწინათ. ძალიან სასიამოვნოა, ვერ აღვწერ… მატერიალური უმნიშვნელოა. ემოციები, რაც გულწრფელია და რაც აკლია დღეს საზოგადოებას _ ღიმილი, ბედნიერება, პოზიტივი და ცოტა უდარდელი ცხოვრება… სახლიდან რომ გავდივარ, ამას ვგრძნობ ყველგან. გულწრფელი ემოციაა.
_ თქვენი სამომავლო გეგმები…
_ ჯერ ვრჩები ჩემს ახლანდელ სამსახურში. სამომავლოდ ჩემი პატარა, მყუდრო და “ზაქური” კაფე მინდა ბუხრით და გემრიელი კერძებით, კარგი საცხობით და კარგი ქართული გემოვნებიანი მუსიკით. თუნდაც ათმაგიდიანი პატარა, საკუთარი კაფე რომ მქონდეს.