პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართა, პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ შემდეგი სახით მიიღეს:
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.
აღნიშნულ კანონს, უკვე მოჰყვა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკა.
პარლამენტის დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს
,,ქართული ოცნება ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ეწინააღმდეგება ერთის მხრივ, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს და მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც მიღწეული იქნა, შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ,“ – აცხადებს სამადაშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. ცვლილებები გულისხმობს სანქციების გამკაცრებას ორ მუხლზე — წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე (173-ე მუხლი). მათი განცხადებით, ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, კოდექსის რეფორმაზე წლებია მიდის საუბარი და ამის ნაცვლად სანქციების გამკაცრება ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს. ორგანიზაციაში, ასევე, აცხადებენ, რომ ხარვეზიანია კანონპროექტის განხილვის პროცედურაც. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს, საია-სთვის კი ამის მიზეზი გაუგებარია.