ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის მკვიდრ დალი ჩხიკვიშვილს შემთხვევით მაშინ შევხვდით, როცა მერთან, ირაკლი კუჭავასთან საკუთარი პრობლემის შესახებ საუბარი სურდა, თუმცა, როგორც ქალბატონმა დალიმ გვითხრა, მერი ადგილზე არ დახვდა.
კითხვაზე _ რის შესახებ სურდა მერთან საუბარი, დალი ჩხიკვიშვილმა გვითხრა, რომ ხვნა-თესვის დროა მოსული, მას კი მიწის დასამუშავებლად საჭირო თანხა არ გააჩნია და მერისთვის უნდოდა ეთხოვა, ერთჯერადი დახმარება გაეწიათ მისთვის.
„ერთჯერადი დახმარება მინდოდა მეთხოვა მერისთვის. ხვნა-თესვის დროა. ხვალ ჩემი მეზობლები დახვნას იწყებენ. მე ვერ ვხნავ, რადგან საჭირო ფული არ მაქვს. ისინი რომ დახნავენ და დათესავენ, მერე მე ვინ ჩამაყვანინებს ტრაქტორს ფართობში“, _ ტირილით გვითხრა ქალბატონმა დალიმ, რომელმაც სხვა არაერთ პრობლემაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ის შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი თავისი პენსიაა, რომელიც წინასწარ აქვს გამოტანილი.
„რამდენჯერმე დავწერე განცხადება სოციალური დახმარებაზე, მაგრამ ჩემთვის არასოდეს მოუციათ. დიდი ქულა დამიწერეს, არადა, რა მაქვს ასეთი, რა ნახეს. ხალხი ჩემზე უკეთ ცხოვრობს და იმათ აქვთ. პენსია გამოტანილი მაქვს წინასწარ. ჩემი პენსია რომ მქონდეს, მშიერი კი არ ვიქნებოდი წამოსული“, _ გვითხრა დალი ჩხიკვიშვილმა.
გოგოლესუბანში მცხოვრები ოჯახის პრობლემის შესახებ სასაუბროდ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, დავით სიხარულიძეს დავუკავშირდით.
მერის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო ვითარებას. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონმა დალიმ საყანე ფართობის დასახნავი თანხა ისესხა. მერია კი თანხის ანაზღაურებას დაჰპირდა.
„მითხრა, რომ მიწა დროზე უნდა დამეხნა, თორემ მერე ტრაქტორს ვერ გადავიყვანდიო. ვისესხე ფული და დავხანი ყანაო. როგორც კი სამუშაო დღეები იქნება, თანხას დავურიცხავთ“, _ გვითხრა დავით სიხარულიძემ.