სანდრო ქავთარაძემ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სკოლა წარმატებით დაასრულა და 100%-იანი გრანტით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სკოლაში თუ უნივერსიტეტში სწავლის დროს სანდრომ ძალიან ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი მათგანია „წიგნების თარო“, რომელშიც, როგორც თვითონ გვითხრა, სამწუხაროდ, მისმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა, პროექტი კიდევ ერთ შანსს აძლევს მათ, ვინც ხალხის რჩეული გახდება.
ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი სანდროს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
_ როგორ მოხვდი „წიგნების თაროში“?
_ „წიგნების თარო“ არის სასკოლო და სტუდენტური კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მინდოდა, თუმცა, სტუდენტობისას საბოლოოდ გადავწყვიტე მონაწილეობა ჩემს კურსელებთან _ ანანო ღონღაძესთან და დავით ქანთარიასთან ერთად.
რაღაც დროით შეჩერებული იყო, თუმცა, როგორც კი პირველმა არხმა სტუდენტური კონკურსი განაახლა, ჩემმა კურსელმა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი _ ასე დაიწყო ჩემი და “წიგნების თაროს” ისტორია. პროექტში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. კიდევ უფრო მეტი ვიკითხე, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე, თუმცა, „ხალხის რჩეულის“ დამსახურებით, მაქვს კიდევ ერთი წარმატების მიღწევის შანსი.
_ კემბრიჯში სასწავლებლად გამარჯვებული გუნდი და “ხალხის რჩეული” გაემგზავრება… რა იმედი გაქვს?
_ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი და ძლიერი გუნდები მონაწილეობენ ამ სეზონში, ჩემი გუნდი იმედს არ კარგავს, რადგან ვფიქრობთ, გამოცდილება არც ჩვენ გვაკლია და შესაბამისად, მომზადებულებიც ვართ.
_ სანდრო, რომელი წიგნი წაიკითხე პირველად დამოუკიდებლად და რა დაგამახსოვრდა?
_ დამოუკიდებლად პირველად წავიკითხე საბავშვო ნაწარმოები „ლურსმანას თავგადასავალი“, დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი მაგ დროს. დღემდე კარგად მახსოვს ყველა ის თავგადასავალი, რაც ლურსმანასა და მის მეგობრებს გადახდათ, აღფრთოვანებული ვიყავი მისი გამბედაობითა და საზრიანობით. ამასთან ამბავი ზღაპრის სტილშია მოთხრობილი, რამაც კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია ჩემში, რადგან, როგორც ბევრმა, მეც ზღაპრებით დავიწყე კითხვა.
_ ხშირად კითხულობთ?
_ შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ვკითხულობ, რადგან ვცდილობ, უქმად არ დავკარგო თავისუფალი დრო. კითხვა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი აქტივობაა. არ აქვს მნიშვნელობა გარემოს ჩემთვის, შემიძლია, თუნდაც მგზავრობისას ვიკითხო, ან სამსახურში შესვენების დროს.
_ რომელია შენი საყვარელი მწერალი და ნაწარმოები?
_ საყვარელ მწერლებსა და ნაწარმოებებს რაც შეეხება, შაბლონურად კი ჟღერს, თუმცა, ჩემთვისაც რთულია გამორჩევა, მაგრამ მაინც დავასახელებ რამდენიმეს: პირველ რიგში, დოსტოევსკის და „ძმებ კარამაზოვებს“ გამოვარჩევდი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა მხრივ სრულყოფილი ნაწარმოებია. ქართველი ავტორებიდან ჩემი ფავორიტები არიან ოთარ ჭილაძე და ჯემალ ქარჩხაძე.
რამდენიმე თვის წინ წავიკითხე ჭილაძის მარტის მამალი და ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც კი აქამდე წამიკითხავს.
_ და ბოლოს, გამარჯვების შემთხვევაში, გააკეთებ თუ არა კემბრიჯში საქართველოს შესახებ პრეზენტაციას და თუ გააკეთებ, რას აჩვენებ?
_ აქამდე არ მიფიქრია, თუმცა, მართლაც კარგი იდეაა. პრეზენტაციაში, აუცილებლად ვაჩვენებ საქართველოს ისტორიასა და კულტურას, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ქართულ დამწერლობაზეც და რა თქმა უნდა, ქართულ მწერლობასაც გავაცნობ მსმენელებს.
“21-ს ქვევით” წარმატებას უსურვებს მიზანდასახულ ბიჭს.