ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოფელ შრომის შესახებ ფეისბუქზე წერს. „გურია ნიუსი“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
“სოფელ შრომაში, რომელიც ოზურგეთს ეკუთვნის, მეორე მსოფლიო ომის მემორიალია აღმართული. მის ცენტრში კი ტანკი დგას.
შრომელებმა 1942 წელს მილიონი მანეთი შეაგროვეს და სტალინს სთხოვეს, რომ იმ ფულით სატანკო კოლონა “ქართველი კოლმეურნე” აეგოთ და ფაშისტებთან საბრძოლველად უკრაინაში გაეგზავნათ.
აი, რა უდეპეშეს შრომელებმა ბელადს:
“მხედართმთავარს ამხ. სტალინს!
ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ!
ჩვენ სერგო ორჯონიკიძის სახელობის ორდენოსანი კოლმეურნეობის კოლმეურნეებმა პირადი დანაზოგიდან შევაგროვეთ და სახელმწიფო ბანკში შევიტანეთ ერთი მილიონი მანეთი.
სატანკო კოლონა “ქართველი კოლმეურნეს” ასაგებად.
ჩვენ გთხოვთ ჩვენი ფულით აგებული ტანკები გაგზავნილი იქნას მიწა–წყლის და მოძმე უკრაინელი ხალხის ფაშისტური უღლისგან გასანთავისუფლებლად. მხურვალედ გვსურს მალე ვნახოთ განთავისუფლებული უკრაინა და კვლავ გვსურს მალე ვნახოთ ზაპოროჟიეს ოლქის გენიჩესკის რაიონის სტალინის სახ. კოლმეურნეობასთან სოციალისტური შეჯიბრება და მეგობრობა“.
1942 წლის 15 ნოემბერი
სტალინმა შემომწირველებს დეპეშით მადლობა გადაუხადა და თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.
როცა ომი დასრულდა და ფაშიზმი დამარცხდა, შრომელებმა მათი ფულით აგებული ერთ–ერთი ტანკი სოფელში ჩამოიყვანეს, ის, რომელიც ახლა მემორიალის ნაწილია.
გენიჩესკელები და შრომელები სამაგალითოდ დამეგობრდნენ და ერთმანეთთან ხშირად მიდიმოდიოდნენ.
ყველაფრის მოთავე კოლმეურნეობის თავმჯდომარე მიხეილ ორაგველიძე იყო. ის, კაცი, 1988 წელს აშშ–ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანს მშვიდობის სადღეგრძელოს
წარმოსათქმელად ყანწი რომ გაუგზავნა.
შრომის სასოფლო საბჭოდან მეორე მსოფლიო ომში 426 კაცი გაიწვიეს, საიდანაც 182 გარდაიცვალა.
დღეს გადარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანიღაა ცოცხალი და სიამაყით აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.“ – წერს ფეისბუქზე გოგა ჩანადირი.