საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედის, სადაც სექსუალური განათლება სასკოლო კურიკულუმის ნაწილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო გარემოში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახერხებენ მოზარდებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, მათი და ფსიქოლოგების აზრით, ეს საკმარისი მაინც არ არის. ისინი ანგარიშების მომზადებისას და პროექტების გახორციელებისას, ხშირად აწყდებიან წინააღმდეგობას საზოგადოების მხრიდან, რაც, მათი კვლევით, დაუწერელი ტრადიციებისა და ნორმების გავლენით ხდება.
ქართულ სკოლებში ამ თემების არათუ სწავლება, მათზე საუბარიც კი, უხერხულობის განცდას იწვევს, როგორც მოსწავლეებს, ასევე, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ამ უხერხულობის წყარო კულტურული გარემოა, რომელიც ნორმას, აკრძალვას და ტაბუს ადგენს. ფსიქოლოგთა აზრით, მარეგულირებელი ნორმების არსებობა სირცხვილის, შიშის და დანაშაულის გრძნობებს აღვივებს და იწვევს სექსუალობის დათრგუნვას ახალგაზრდებში, რაც ადამიანის ფსიქიკისთვის მავნებელია.
„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია მოზარდისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში. სქესობრივი განვითარება, ინტიმური ჰიგიენა, სქესთა შორის ურთიერთობები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის არიდების მეთოდები ის თემებია, რაც, ფსიქოლოგის აზრით, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს:
„საქართველოში სექსუალური განთლება რატომღაც გარყვნილებასთან ასოცირდება. საზოგადოებაში რელიგიური ინსტიტუტების გავლენით მითები არსებობს, რომ ამგვარი განათლება რყვნის ბავშვებს და ამის გამო ნაადრევად იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. სინამდვილეში კი 19–წლამდე მოზარდები სწორედ იმიტომ ქორწინდებიან, რომ სკოლებში სექსუალური განათლება არ გვაქვს. მოზარდებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ეს მათთვის, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, პიროვნული განვითარების თვალსაზრისით“, _ ამბობს მაია ცირამუა.
რეპროდუქტოლოგ–გინეკოლოგი არსენ გვეტაძეც თავისი 31- წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, თვლის, რომ სქესობრივი განათლების მიღება სკოლის ასაკიდან აუცილებელია, რადგან ბავშვის დაბადებიდანვე იწყება მისი სექსუალობის განვითარება: „როცა ბავშვს კითხვები უჩნდება მის ორგანიზმში მიმდინარე გამოხატულ ცვლილებებზე, მას ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. არაფორმალურ გარემოში ეს მშობლის ვალდებულებაა, თუმცა, მშობელს ხშირად კომპეტენცია არ აქვს. ბავშვები კი არა, ზრდასრული, რეალიზებული ქალები და მამაკაცები მომმართავენ ძალიან დაბალი ცნობადობით“, _ ამბობს ექიმი და ამ სიტუაციის დასაძლევად, მისი აზრით, სწავლებამ ფორმალურ გარემოში, სკოლასა და უნივერსიტეტში უნდა გადაინაცვლოს.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში სექსუალური განათლება სავალდებულო საგანია. ამ ქვეყნებში მოზარდებს აქვთ ინფორმაცია უსაფრთხო სექსზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამ მიმართულებით შვედეთია, სადაც სქესობრივი განათლება ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გახდა სასკოლო საგანი. ნიდერლანდებში სქესობრივ განათლებაზე ბავშვებს სკოლამდელი ასაკიდან ესაუბრებიან. ამ ქვეყნებში სტატისტიკურად მოზარდთა ფეხმძიმობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. საქართველოში კი ეს პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2000 წლიდან განსაკუთრებით შეინიშნება აივ/ შიდსით ინფიცირების შემთხვევათა მზარდი დინამიკა პირველად დადგენილი დიაგნოზით. თუ 2000 წლის მაჩვენებელი 14 იყო, 2019 წელს უკვე 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებაში დაბალია კონტრაცეპტივებზე ცნობიერებაც. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშით, კონტრაცეპტივების გამოყენების დაბალი მაჩვენებლის მიზეზთა შორის კონსერვატიული ადათ-წესები და მართლმადიდებლური ეკლესიის ზეგავლენა სახელდება. მათივე კვლევით, კონტრაცეპტივების გამოუყენებლობის შედეგია ის, რომ საქართველოში ორსულობათა მხოლოდ 63% არის სასურველი. არასასურველი ორსულობის დიდი ნაწილი კი ხელოვნური ან სპონტანური აბორტით სრულდება. ჯამში, 2019 წელს 21,6 ათასი აბორტი გაკეთდა, რომელთაგან 450 16-დან 19 წლამდე ასაკის გოგონებში დაფიქსირდა.
თანამედროვე სექსუალური განათლება უფრო შორს მიდის, ვიდრე რეპროდუქციული საკითხები, მასთან დაკავშირებული რისკები და დაავადებებია. Women found in georgia-ს ანგარიშით მისი მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს ცოდნა და დაეხმაროს, ჩამოუყალიბდეთ დამოკიდებულებები და ფასეულობები, შეძლონ ერთმანეთის პატივისცემით სავსე სოციალური და სექსუალური ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, სექსუალური და რეპროდუქციული განათლება ადამიანს საშუალებას აძლევს, შეისწავლოს საკუთარი უფლებები, პატივი სცეს სხვის უფლებებს და თავისუფლებებს, შეძლოს არჩევანის გაკეთება ისე, რომ გავლენა არ მოახდინოს საკუთარ და სხვების კეთილდღეობაზე. „სექსუალური განათლება თანამედროვე მიდგომებით ადამიანის სექსუალობას პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენს და აძლიერებს ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა პატივისცემა, არადისკრიმინაცია, თანასწორობა, ემპათია და პასუხისმგებლობა“, _ წერია მათ ანგარიშში.
ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია ინტეგრირებულია საგნებში: „ბუნება“, „მე და საზოგადოება“, „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გადაიხედა და დამტკიცდა დაწყებითი და საბაზო საფეხურის სტანდარტები, თუმცა, ამ ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშით, ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების მიცემას მოსწავლეებისთვის. ამ ყველაფერს ფონდის 2018 წლის ანგარიშით განაპირობებს მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია და სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეზღუდულობა.
საქართველოში სქესობრივი განათლების სავალდებულო საგნად ჩაწერა განათლების სამინისტროს ჯერ არ უცდია, თუმცა, სულ მცირე მინიშნებაც კი, რომ სკოლაში ბავშვებს, შესაძლოა, სქესობრივ საკითხებზე ესაუბრონ, ან რაიმე სხვა ფორმით მიიღონ ამ თემაზე ინფორმაცია, ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარების მიზეზი ხდება ხოლმე. გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე, რომელიც 1998 და 2003 წელს გამოცემული თანაავტორია წიგნების, სახელწოდებით _ „მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“ _ იხსენებს, რომ წიგნის მეორედ გამოცემის დროს ჯერ ოფისში შევარდნის და შემდეგ სტენდების დარბევის მცდელობა იყო.
უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ინტერნეტში განთავსებულ ხატია ახალაიას ვიდეო ლექციებს, სადაც ის მოზარდებს საკუთარი სხეულის ენას ასწავლიდა, აფრთხილებდა და მარტივი ნახატებით მოუთხრობდა სქესობრივ მომწიფებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა, გაუპატიურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, ჩაწერა შეწყდა. ხატია გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს და თვლის, რომ მის ადგილზე მამაკაცი რომ მდგარიყო, საზოგადოებას და სასულიერო წრეს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ექნებოდა. მისი აზრით, სექსუალური განათლება მოზარდებს უამრავ პრობლემას აარიდებს თავს: „ეკლესიამ არ იცის, რა ბენეფიტი მოაქვს სექსუალურ განათლებას. ამის გარდა, სასულიერო წრეებს ეშინიათ განათლებული ადამიანების, რადგან მათი მართვა ძალიან რთულია. დღეს რომ სკოლებში სექსუალური განათლება არ გვაქვს, ხელისუფლების ბრალია. ჯერ არ გვყოლია პროგრესულად მოაზროვნე მთავრობა, რომელიც ეკლესიის დაკრულზე არ იცეკვებდა“, _ ამბობს ხატია ახალია.
2015 წელს გაჩნდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წელს ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ შემოტანას აპირებდა. ამ საგნის შემოტანის მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ოჯახში ძალადობის, გენდერული სტერეოტიპების, ტრადიციული და არატრადიციული ოჯახების, ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი ჰიგიენის თემების სწავლებაც იყო. საგანი „მე და საზოგადოება“ და განახლებული „ჩემი საქართველო“ დღეს სკოლაში ისწავლება, თუმცა, სასულიერო პირების პროტესტისა და საპატრიარქოსთან კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნული თემები სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს.
ამ თემას „განგაშის ზარების“ სახელწოდებით ქართველმა ცნობილმა სახეებმა წერილი მიუძღვნეს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც ქართულ კულტურას და მართლმადიდებლურ რელიგიას ეწინააღმდეგება: „ერი და ბერი უნდა აღდგეს და მთელი სიმკაცრით მოსთხოვოს პასუხი ხელისუფლებას, რათა მათ ვერ გაბედონ, როგორც, ერთი მხრივ, ამ სიბილწის რეკლამირების ხელის შეწყობა, ასევე იმ ყველაზე ბოროტი იდეოლოგიის სახელმძღვანელოების შემოტანა, რომელიც მთელ მსოფლიოში და ამჟამად საქართველოში, ტოლერანტულობისა და განსხვავებულობის შემწყნარებლობის ნიღბის ქვეშ, სინამდვილეში კი ჩვენს შვილებს ეროვნებათა, კულტურათა, სარწმუნოებათა და სქესთა აღრევით ემუქრება“. ამ წერილს ხელს აწერდნენ: ელდარ შენგელაია, გურამ გეგეშიძე, ლევან ვასაძე, მამუკა ჩარკვიანი, არჩილ არველაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ლაშა თაბუკაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, თამაზ ჭილაძე, როინ მეტრეველი და სხვები.
სასულიერო პირები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ, საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და მედიასთან შეხვედრებს მართავდნენ. „არანაირი მეცნიერული საფუძვლები სქესობრივი სწავლების პროგრამას არ გააჩნია. ამ ამოცანას 2000 წლის მანძილზე შესანიშნავად აგვარებდა ეკლესია. სქესობრივი აღზრდა ოჯახში ბუნებრივად ხორციელდება, რომელიც კურთხეულია ეკლესიის მიერ. ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიიის სწავლებას, ჩვენი ერის კულტურას, ჩვენს ფასეულობებს“ _ ასე გამოეხმაურა მართლმადიდებლური ინტერნეტ ჟურნალი „ხარება“ სკოლაში სექსუალური განათლების სწავლებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ასისტენტი, პროფესორი ქეთევან მოსაშვილი თვლის, რომ ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. მისი აზრით, აუცილებელია რელიგიისა და სახელმწიფოს ინსტიტუტების ერთმანეთისგან გამიჯვნა: „ხშირად ვმუშაობ სკოლებში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და ჩემი სამიზნე ჯგუფი 14-18 წლის მოზარდები არიან. სექსუალური განათლების არარსებობის გამოა, რომ მათ გაუპატიურება მხოლოდ თავდასხმის შედეგად გახორციელებული სქესობრივი აქტი ჰგონიათ. აკრძალვა არ მოიტანს განათლებას“.
ფსიქოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ სკოლებში მოწყობილი სამლოცველო კუთხეებიც კი უხეში დარღვევაა, რადგან რელიგიური უმცირესობების მრწამსის შეურაცხყოფად აღიქმება.