,,მოხარული ვარ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა“, _ ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამერიკელი სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ და შევლენ პარლამენტში.
„მოხარული ვარ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლებულია პატიმრობიდან. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას.
ახლა, როდესაც ბატონი მელია თავისუფალია, ველი, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც გასული თვის შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად, რათა დახურონ ეს არეული თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში“, – წერს სენატორმა ჯიმ რიშმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
ნიკა მელიას გირაო – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული “შარლ მიშელის დოკუმენტის” ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული და ცნობილი სავარაუდოდ კვირის ბოლოს გახდება. ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც “ფეისბუკზე” გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.