ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის საჰაერო შეტევას 10 პალესტინელი ემსხვერპლა.
Associated Press ინფორმაციით, საჰაერო შეტევის სამიზნე ლტოლვილთა ბანაკში მდებარე 3-სართულიანი სახლი გახდა. ავიადარტყმას 8 ბავშვი და ორი ქალი ემსხვერპლა.
პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს.
პალესტინელების მტკიცებით, თავდასხმის შესახებ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქების აშკელონისა და აშდოდის წინააღმდეგ ღაზადან სარაკეტო თავდასხმები დღეს დილიდან ხორციელდება.
ცნობისთვის, 13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.