ისრაელი და ორი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევიდა 21 მარტს, ევროპის დროით შუაღამის 2 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელში უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა და წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ინიციატივას ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის შესახებ, რომელიც მხარეებს ეგვიპტემ შესთავაზა. ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
Reuters-თან შეთანხმების მიღწევა დაადასტურა წყარომ ჰამასიდან. თუმცა ზავის დეტალები ჯერჯერობით არ არის შემუშავებული.
BBC ისრაელის უშიშროების კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
“პოლიტიკური უშიშროების კაბინეტმა ერთხმად მიიღო უსაფრთხოების ყველა წარმომადგენლის – შტაბის, შიდა უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების რეკომენდაცია, რომ გაიზიაროს ეგვიპტის ინიციატივა ორმხრივი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამოქმედდება მოგვიანებით.
შტაბის უფროსმა, სამხედრო ეშელონებმა და უშიშროების სამსახურმა მინისტრების წინაშე მიმოიხილეს ამ კამპანიის დიდი მიღწევები, რომელთა შორის რამდენიმე უპრეცედენტო იყო. პოლიტიკური ეშელონი ხაზს უსვამს იმას, რომ ადგილზე არსებული რეალობა განსაზღვრავს კამპანიის გაგრძელების საკითხს“ – ნათქვამია განცხადებაში.
BBC- ის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელებას ეგვიპტის მხარე დააკვირდება
„ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ უსაფრთხოების საკითხებში ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ორ დელეგაციას დაავალა იმუშაონ ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებაზე“ – წერს BBC.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ “მნიშვნელოვან დეესკალაციას” მოელის, რაზეც ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ აპირებს გააგრძელოს სამხედრო შეტევა, სანამ “ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოება” აღდგება.
ცნობისთვის, 7 მაისს ისრაელში შეტაკებები დაიწყო პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს ქვებითა და რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით უპირისპირდებოდა.
10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.
11-დღიან სარაკეტო თავდასხმებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოყვა. პალესტინელი ჯანდაცვის მესვეურების თქმით, გარდაცვლილია 228 ადამიანი, ხოლო ისრაელის მხრიდან 12 ადამიანი გარდაიცვალა.