„მარგებელი ჰოლდინგი“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადისა“ და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰოლდინგი ყველანაირ ღონეს მიმართავს, რომ ყველა განსახილველი საკითხი ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადაწყდეს.
„განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში.
ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. პარალელურად, ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოლდინგის გადასარჩენად, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რთული 2020 წელი ჰოლდინგმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დასაქმებულთა წინაშე არსებული ვალდებულებები სრულდებოდა და სრულდება შეუფერხებლად.
გვინდა მადლობა მოვახსენოთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და მიუხედავად არსებული ვითარებისა, განაგრძობს მუშაობას. ხოლო რაც შეეხება ჩვენს იმ თანამშრომლებს, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებითაც შექმნილია აღნიშნული ვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რათა ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადავწყვიტოთ ყველა განსახილველი საკითხი ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.