აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიის კანონპროექტზე, 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებს პასუხობენ.
20 ივნისს დაზარალებულებმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისგან მიღებულ წერილი გაასაჯაროეს. აღნიშნულ წერილში ელჩები პასუხობენ აქტივისტებს, რომლებმაც 14 მაისს მოუწოდეს მათ, დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ისე, რომ “დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება”.
დიპლომატები, წერილში აღნიშნავენ, რომ 9 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და მის მისაღებად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. ამავდროულად, აცხადებენ, რომ ასეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორიც საქართველოშია პარლამენტში ინკლუზიური პროცესი საჭიროა იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რომლებიც ხელს შეუშლის 20 ივნისის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
“ძვირფასო ხელისმომწერნო, მადლობას გიხდით 14 მაისით დათარიღებული ღია წერილისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ჩვენ ვიმუშავეთ, რათა დაგვესრულებინა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის არჩევნებმა გამოიწვია. 19 აპრილის შეთანხმება შედგა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს მძიმე ბრძოლით მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველო გადადგამს ნაბიჯებს ჭეშმარიტად ფუნქციონალური პარლამენტისკენ, რომელიც გაატარებს რეფორმებს და ეს, თავის მხრივ, გააღრმავებს და გაამყარებს ქართულ დემოკრატიას.
19 აპრილის შეთანხმება იყო გამოწვევებით სავსე პროცესის შედეგად მიღწეული კომპრომისი და მის შინაარსზე მთლიანად არიან პასუხისმგებელნი საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. პირველ მუხლში ხაზგასმულია პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის მოგვარების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, სწორედ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ამნისტიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება შეთანხმების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონებს, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასა და სხვა მოქმედ საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა ნაწილი საქართველოც არის.
შეთანხმებაში ნახსენები ამნისტიის კანონი ეხება მტკივნეულ გვერდს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულებისთვის, არამედ იმის გამოც, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასეთ პოლარიზებულ გარემოში, საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს და ეს, თავის მხრივ, თავიდან აარიდებს ქვეყანას მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამეორებას და მოიტანს უფრეო მეტ გამჭვირვალობას.
ახლა ყველა მხარის მოვალეობაა, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების წარმატებული შესრულება, რათა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის პარალიზებას ახდენს. ეს საშუალებას მისცემს მხარეებს, რომ განაგრძონ მუშაობა საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და დაამყარონ სამართლიანობა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით”, – წერია წერილში.
ცნობისთვის, 20 ივნისს დაზარალებულმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის სახელზე წერილი 14 მაისს შეიტანეს.