დღეს “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციაზე, რომელიც ქალაქ თბილისში, დღის 3 საათზეა დაგეგმილი, გურიიდან სამოქალაქო აქტივისტები შეურთდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები დღეს დილის 7 საათზე წავიდნენ თბილისში. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიიდან სამივე მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ აქციაზე.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის, რომ “რიონის ხეობაში“ შეწყდეს “ნამახვანჰესის“ მშენებლობა.
“გურია რიონის ხეობის გადარჩენისთვის! გამოვიარეთ ჩვენი მხარის ვიწრო ხეობები, ოზურგეთიდან დავიძარით, ჩოხატაური, ლანჩხუთი, გადმოვედით რიონზე – გადავძახეთ რომ არტერიას ვერავინ გადაგვიკეტავს, რომ დავიცავთ, რომ არავის ვაბატონებთ მასზე და არავის გამოვაწოვინებთ სისხლს – გავივაკეთ და ავტობანზეც შემოვდექით.
გუშინწინ მთავრობა ხალხის შესაშინებლად და აქციისთვის ხელის შესაშლელად პროგნოზს ავრცელებდა, უამინდობა იქნებაო ყველგან და თბილისშიცო. სინამდვილეში თბილისში მშვენიერი საკალათბურთო ამინდია. თუმცა დღეს ცუდი ამინდი ნამდვილად იქნება – მთავრობისთვის და მათთვის ვის მადასაც საზღვარი არ აქვს. მათთვის იყოს ავდარი: ქარიშხალი ჩვენ ვიქნებით!“ _ წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.