დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ დროს იხსენებს, როცა “საბჭოთა მოსწავლეებს” ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ავტოკალმების გამოყენების შესაძლებლობა და საწერად მელანს და კალამს იყენებდნენ.
“სამელნე, მელანი, გურიაში მენალიც. კალამი, პერო, კალმის წვერი.
კალმის ტარი.
_ შენს სამელნეში ჩავაწებ რა. შენი მუქია, ჩემი არა…
ფასი: კალამი 2 კაპიკი. იყო 8 კაპიკიანიც, რატომღაც რუსთაველის კალამს ვეძახდით,აპრეხილი წვერის გამო, ალბათ.
სამელნე იყო პლასტმასის და ფაიფურის.
ლენინს ციხეში პურისგან გაკეთებული ჰქონია და მელნად რძეს ხმარობდაო. 1 დღეს 17 ასეთი სამელნე ჩაყლაპაო. ლენინის საცოდაობით გავსკდით ბაღნები ტირილით. თურმე რამდენი რძე და პური ჰქონია ციხეშიც.
კალმის ტარი 5 კაპიკი.
1 აბი მელანი 10 კაპიკი.
გაზავებული ბოთლში სხვადასხვა ფასის.
საშინლად ცუდი და მოუხერხებელი სატარებელი იყო. საკმარისი იყო უდიერად მოქცეოდი ჩანთას ან გაქცეულიყავი, მელანი ან ჩანთაში ჩაიღვრებოდა, ან _ ტანსაცმელზე.
არა, არ იყო სანატრელი დრო…” _ წერს დეკანოზი.