გიდასტურებთ, რომ სამხრეთაფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ ნიმუშის სეკვენირება და ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთაფრიკული შტამიც გვაქვს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით რომ არა. მით უმეტეს, ის შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. დღეს ევროპაში პრევალირებს ძირითადად ბრიტანული შტამი და ბრიტანულმა შტამმა ევროპაში კლასიკური შტამი თითქმის ჩაანაცვლა. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში“, _ განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343 963 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 327 618, გარდაიცვალა 4 773 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
წყარო: იმედინიუსი