,,20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი. ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს“, _ ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ხვალ გასამართ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან იმსახურებენ მხოლოდ დედის გინებას.
„სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ყველაზე დაცულ ზონაში, აეროპორტში, სადაც უამრავი კამერაა. მოსამართლემ არც ინება კამერების ამოღება მაშინ, როცა კამერები რომ ამოეღოთ დავინახავდით, რომ იქ მათ ახლდათ მესამე ადამიანი, რომელიც ყველაფერს იღებდა, რომელიც შევიდა აეროპორტის უსაფრთხოების ოთახში, მაგრამ ეს ყველაფერი არ ამოიღო მოსამართლემ. ჩემთვის სრულიად უდავოა, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის 20 ივნისის გაგრძელება. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი. ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა მისი მისამართით 20 ივნისის ღამეს. არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ ამით. 20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან იმსახურებენ მხოლოდ დედის გინებას. ჩვენ ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომ ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში „ზონდერების“ მხრიდან და აქედან ერთ თვეში ჩემი ყველა კანონის დარღვევით დაპატიმრება.“ – განაცხადა უგულავამ
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პროკურატურა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოსი გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.