ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. სწორედ ამ მოთხოვნამ და ამას გარდა ჩაის განადგურებამ და თხილის ხარისხის და ფასის გაუარესებამ განაპირობა გურიაშიც ლურჯი მოცვის გაშენების დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის გარდა გურიაში არსებულ ნიადაგზე შესაძლებელია მაყვალის და ჟოლოს მოყვანა.
ამ დროისთვის ჩოხატაურში ლურჯი მოცვი 35 ჰექტარზე შენდება და ამ პროგრამაში 30 კაცია ჩართული.
მოცვის ბაღების ნაწილი თანადაფინანსებით კეთდება.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი მანანა მინდაძე ამბობს, რომ ლურჯი მოცვისგან დიდი მოგების ნახვაა შესაძლებელი.
„გურია ნიუსმა“ სწორედ მასთან სცადა იმის გარკვევა, თუ რა არის საჭირო მოცვის გაშენებისთვის და აკმაყოფილებს თუ არა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ნიადაგი და კლიმატი მისი მოყვანისთვის საჭირო პირობებს.
მინდაძის თქმით, ლურჯი მოცვის გაშენება ჩოხატაურში ეტაპობრივად დაიწყო. ის კარგად ხარობს ძველ ნაჩაიარ ტერიტორიაზე, ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის გარეშე კი მოცვის გაშენების პროგრამაში ჩართვა არავის შეუძლია.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადავიდა ისეთი პროექტების შეთავაზებაზე, რომელიც იმ მიკროკლიმატისთვის არის ხელშესაწყობი. რატომ განვითარდა თხილი? იმიტომ რომ იყო მოთხოვნა. თხილის ჩავარდნამ მოგვიყვანა ახალ პროგრამამდე, რომელსაც ლურჯი მოცვი ჰქვია. ჩოხატაურში 35 ჰექტარზე უკვე შენდება. 30 კაცია ამ პროგრამაში ჩართული და ეს ნიშნავს, რომ 30 ადამიანი არასოდეს არ იქნება სოციალურად დაუცველი. ეს ნიშნავს რომ ძალიან იზრდება მოთხოვნა ლურჯ მოცვზე მსოფლიო ბაზარზე და ამან, მოთხოვნამ და გარემოპირობებმა, რაც ჩვენი რაიონისთვის არის დამახასიათებელი, განაპირობა ლურჯი მოცვის გაშენების დაწყებაც“,_ გვეუბნება მინდაძე.
მინდაძის თქმით, მთლიანად ნიადაგების შესწავლას რაც შეეხება, ზოგადად ჩოხატაური არის ის ზონა, სადაც ლურჯი მოცვი კარგად უნდა წავიდეს.
„არაჩვეულებრივად ხარობს ნაჩაიარ ტერიტორიებზე. ერკეთში, ქვენობანში, ბუკნარში, ფარცხმაში, გოგოლესუბანში, ქვაბღაში.
ლურჯი მოცვის დარგვა ეტაპობრივად პროგრამა 2 წლით ადრე დაიწყო, მაგრამ პირველი დარგვები შარშან გაზაფხულზე განვახორციელეთ და მასში 8 თუ 9 ფერმერი იყო ჩართული. სულ 35 ჰექტარზე შენდება და ჯერ დამთავრებული არ არის. ზოგი გაზაფხულზე რგავს, ზოგი შემოდგომაზე აპირებს, მაგრამ მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებულია ამ ფართზე. სერიოზულ მოგებას ველოდებით. მიხარია, რომ ჩვენმა ნიადაგებმა სადაც კი ბაღები გავაშენეთ, ყველამ კარგი მაჩვენებლები აჩვენა. კარგად მიდის და არ გვაქვს გაფუჭებული ნერგები“,_ ამბობს მინდაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი გვეუბნება, რომ დანახარჯები არის, მაგრამ მოგება ბევრად უფრო დიდია.
„30 კაცია ამ პროგრამაში ჩართული. ვინც ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა მისი წლიური შემოსავალი იქნება დაახლოებით 40 000 ლარი 2 თვეში. 2 თვის განმავლობაში აქვს ამ კულტურას თავისი მოყვანა-ჩაბარების დრო. ეს არ არის ცოტა თანხა სოფლისთვის, როცა გაქვს მიწის ნაკვეთი 5 000 მეტრი. რა თქმა უნდა დანახარჯები არის, მაგრამ მოგება ბევრად უფრო დიდია. დანახარჯები განისაზღვრება იმ პრეპარატების შეძენაში, რომელიც დამოკიდებულია იმაზე რა სტრუქტურის არის ნიადაგი, ხარჯი იზრდება იმის მიხედვით თუ რა პრობლემა ხვდება მცენარეს ნიადაგიდან ან ჰაერიდან. ამიტომ ვახმართ მას დამატებით საკვებ ნივთიერებას“,_ გვეუბნება მინდაძე.
ქალბატონი მანანა განმარტავს, რომ პროგრამაში ვერ მიიღებს ვერავინ მონაწილეობას სანამ ლაბორატორიულ დასკვნას არ აიღებს.
„მის კერძო ნაკვეთზე უნდა გააკეთოს ლაბორატორიული დასკვნა. მხოლოდ 2 შემთხვევა იყო ჩოხატაურში, როცა მოცვზე არ გაიცა დასკვნა, მაგრამ მაყვალზე და მალინაზე მისცა. ის რომ ნიადაგი საერთოდ გამოფიტულია და არ ვარგა, ჯერ ასეთი დასკვნა არ გვქონია“,_ ამბობს მინდაძე.
ის განმარტავს, რომ მოცვის ბაღს გაშენებიდან მეორე წელს აქვს პირველი ნიშანი, მაგრამ ის არ მოიხმარება.
„მოცვს, ბაღის გაშენებიდან მეორე წელს აქვს პირველი ნიშანი, მაგრამ ის არ მოიხმარება. უნდა ჩამოიკრიფოს, ვიდრე დამწიფებას მიაღწევს, რომ მცენარის განვითარებას შევუწყოთ ხელი. მსხმოიარე და მოსაკრეფ ბაზაში ჩვენი ბაღები იქნება მესამე- მეოთხე წელს. ველოდებით, რომ პირველ წელს მოგვემს მოსავლიანობის 20%-ს, მეოთხე წელს იქნება 40%, შემდეგ უკვე მიდის მსხმოიარობაში“,_ გვიხსნის მინდაძე.
ცნობისთვის, ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია ოზურგეთშიც, რის შედეგადაც ადგილობრივი მცირე მეწარმეები შეძლებენ ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის, მსოფლიო ბაზარზე გატანას.