ბოლო 24 საათის განმალობაში ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ინფიცირების 4 შემთხვევიდან 1 სუფსაში გამოვლინდა, სადაც მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს.
„მამათში დადებითი შემთხვევა არ დაგვიდასტურდა გუშინ, სუფსაში კი დადასტურდა 1 შემთხვევა. დღეს გრძელდება მამათში ტესტირება. სუფსაში საექიმო უბანი მუშაობს და იქაც ხდება ტესტირება“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში ინფიცირებული პაციენტებიდან 20 კლინიკაში, 2 კოვიდსასტუმროში, დანარჩენები კი ბინაზე მკურნალობენ.
„ინფიცირებული პაციენტებისთვის ლანჩხუთის „მედალფაში“ კოვიდგანყოფილება 15 პაციენტზეა გათვლილი და შევსებულია. საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, 2 პაციენტი კოვიდსასტუმროში მკურნალობს, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კი ბინაზე მკურნალობენ. კლინიკაში სულ 20 პაციენტია მოთავსებული“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.