მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
“ამა წლის 17 ივლისიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილები განხორციელდა.
როგორც მოგეხსენებათ, სანიტარული მაჩვენებლების მიხედვით, განსაზღვრულია ქვეყნების სამი კატეგორია :
“მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონა-ვირუსის აქტიური გავრცელება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი, ალბანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ბოსნია, ბრუნეი, კანადა, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იაპონია, კოსოვო, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სინგაპური, ტაივანი , უკრაინა, კომორის კუნძულები და ვანუატუ;
“ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლების არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში),
„წითელი ზონის“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები აქტიურად ვრცელდება: სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ინდონეზია, მალდივები, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, ურუგვაი, ზამბია, კონგო, მოზამბიკი, ნამიბია, რუსეთი, ავღანეთი, ტუნისი.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წლის 17 ივლისს 00:00სთ-იდან წამლის ევროპული სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით (ფაიზერი, მოდერნა, ასტრა-ზენეკა და ჯონსონ&ჯონსონი) სრულად აცრილი მგზავრები, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოემგზავრებოდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ ექვემდებარებიან არანაირ შეზღუდვას, მათ შორის, არც პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი წითელი ზონის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევა.
ამასთან, ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაქცინაცია სრულად ჩატარებულად ითვლება მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული 14 დღისა.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 17 ივლისს 00:00 საათიდან, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან შესვლის მსურველმა არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა კოვიდ 19-ზე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
არა-ვაქცინირებული მგზავრებისთვის ძალაში რჩება ქვეყნების მიხედვით აქამდე არსებული რეგულაციები :
თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ გაკეთებული აცრა, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხი.
საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას კი, უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები.
იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია.
თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს.
თუ ვაქცინაცია არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა.
თუ საფრანგეთში მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან და არ გაქვთ გაკეთებული ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 10 -დღიანი სავალდებულო კარანტინი, _ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.