სამხრეთ ოსეთის ე.წ. „KGB”, თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე აფრიკული ღორის ცხელების (ASF) გავრცელებაში ადანაშაულებს.
სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის “ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა” (ე.წ. „Yugosselkhoznadzor”) ცხინვალთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში ASF ვირუსით ღორების დახოცვის შემთხვევები დააფიქსირა. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ ეს „შესაძლებლობა” ხელიდან არ გაუშვა და თბილისი, კონკრეტულად კი ამერიკელების მხარდაჭერით შექმნილი ლუგარის ლაბორატორია, ინფექციის ხელოვნურად გავრცელებასა და “ბიოტერორიზმში” დაადანაშაულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა _ კრემლი და მისი მარიონეტული რეჟიმები ლუგარის ლაბორატორიას სინქრონულად ესხმიან თავს.
ცხინვალის ე.წ. „KGB”-იმ ASF-თან დაკავშირებით საქართველოს მისამართით აბსურდული ბრალდებები გააჟღერა: „ქართული მხარე გამიზნულად დუმს მის ტერიტორიაზე არსებულ ASF-ის შემთხვევებზე, მაშინ როდესაც ეს დაავადება – პოტენციურად გლობალური ინფექცია – ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის მწერი-ტრანსპორტერების საშუალებით. ამ კუთხით, KGB არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთში ASF-ის გავრცელება „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის” საქმიანობასთან იყოს ასოცირებული, რომელიც ახორციელებს კვლევებს ატიპიური ფორმის ვირუსებზე (ბრუცელიოზი, ანტრაქსი – ციმბირის წყლული, დენგეს ცხელება, ყირიმ-კონგოს ცხელება) და იყენებს საშიშ პათოგენებს, რომელთა საშუალებითაც თბილისი ბიოტერორისტულ ქმედებებს ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით”.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების შენაერთის უფროსმა, იგორ კირილოვმა, კიდევ ერთი შეთქმულების თეორია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2007-2018 წლებში „სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, ევროპულ სახელმწიფოებსა და ჩინეთში” აფრიკული ღორის ცხელება საქართველოდან გავრცელდა.
წყარო: “საქართველოს გუშაგი“