სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გმირები ტრაგედიის შემდეგაც იბადებიან, მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი დასრულდა და ცხოვრების მიერ მიყენებული ტკივილი დიდხანს უნდა ატარო, მანამდე, სანამ ამ ტკივილს არ შეგაჩვევს დრო.. მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ხშირად იგი გამარჯვებით სრულდება, გამარჯვებით, რომელზეც მერე ვიღაც იტყვის: ღმერთმა განსაცდელი იმიტომ მოუვლინა, რომ მისი რწმენა გაეძლიერებინა, სული ფოლადივით გამოეწრთოო…
წლების წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი კაფანდარა გოგონა ავარიის შედეგად დაშავებულ ძმას უვლიდა. მდგომარეობა უიმედო იყო. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, ახალგაზრდა სამი თვის შემდეგაც ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდებოდა.
ეს კაფანდარა გოგონა, ოზურგეთიდან იყო, ბათუმში არავინ ჰყავდა, საავდმყოფოს ეზოში მანქანაში ხანდახან ნახევარი საათით ეძინა, ძმას დასტირიალებდა, იქვე რეცხავდა, იქვე საჭმელს (მოკრძალებულს) იმზადებდა, მუდამ ლოცულობდა და მომაკვდავ ძმას არ შორდებოდა…
მაშინ, როცა სამი თვის შემდეგ ექიმებმა იმედი საბოლოოდ დაკარგეს, ამ კაფანდარა გოგონას ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და ახალაგაზრდა ბიჭს სიცოცხლის ნიშანი დაეტყო. მე ამ გოგონას ენერგიამ და რწმენამ შემძრა. გოგონას, რომელმაც მარტოდმარტო, ოთხი თვე მომაკვდავ ადამიანს მოუარა და იმედი ერთი წუთით არ დაუკარგავს. იგი იმ დროს საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, მას ძმის სიცოცხლის მეტი
არაფერი ახსოვდა და სწამდა სასწაულის…
მას ია ჰქვია. ახლა გურიის ერთერთ სოფელში ცხოვრობს და იცის რომ ძმა ჰყავს. ძმა, რომელსაც სიცოცხლე მისმა თავგანწირვამ აჩუქა…
რატომღაც ახლა ეს გოგონა გამახსენდა, როგორ დადიოდა საავადმყოფოს დერეფანში,
პატარა შავ თვალებს და ფერმკრთალ, მისუსტებულ ხელებს ზემოთ აღაპყრობდა და უფალს შველას შესთხოვდა. რა გულწრფელი იყო ის ლოცვა…
ლოცვა სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ჰაერით და უიმედობით გაჯერებულ საავადმყოფოში“.