ალექსანდრე ქართველიშვილი – ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორი, ამერიკის საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე წარმომადგენელი, რომელმაც თვითმფრინავების 14 სხვადასხვა მოდიფიკაცია შექმნა. 4 მათგანი კი ამერიკის და მსოფლიო ავიაციის ლეგენდა გახდა.
დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს ცნობილი იურისტის, მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. პატარა ალექსანდრემ ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ინტერესი ტექნიკური საგნებისადმი და 1914 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. გიმნაზიის დასრულების შემდეგ მეფის არმიაში არტილერისტად ჩაირიცხა და პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის შედეგად ფეხში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა.
1919 წელს 23 წლის ქართველიშვილმა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ სწავლის პარიზში გაგრძელაბაში დახმარებოდნენ. იმ პერიოდში ავიაციის ინჟინერიის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული სასწავლებელი პარიზში იყო. ალექსანდრე მთავრობის ხელშეწყობით დედასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, ხოლო მამა და და საქართველოში დარჩნნენ. მათი ოჯახი შემდეგში აღარასოდეს გაერთიანებულა, რადგან ალექსანდრემ სწავლის დამთავრების შემდეგ უარი თქვა კომუნისტურ საქართველოში დაბრუნებაზე. სწავლის პერიოდში ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენის მიზნით ცირკში სატანვარჯიშო ასპარეზოებში მონაწილეობდა და ბავშვებსაც ამზადებდა მათემატიკაში.
1922 წელს პარიზში სასწავლებელის დამთავრების შემდეგ კომპანია“ბლერიოში“ გამომცდელ მფრინავად დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ფრენისას ავარიის შედეგად კისრისა და ხერხემლის მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფრენას დამშვიდობებოდა. იმ დღიდან დაიწყო მისი, როგორც ავიაკონსტრუქტორის საქმიანობა კომპანია „სოსიეტე ინდუსტრიალეში“, რომლის დირექტორი ცნობილი ავიატორი, ლუი ბლერიო იყო. ამ კომპანიაში მასთან ერთად მუშაობდნენ მისი მეგობრები – არმანდ თიბო და ედმონდ შანარდი. ალექსანდრეს და მის მეგობრებს ერთად ჰქონდათ ბინა ნაქირავები და მუშაობდნენ სხვადასხვა ნოვატორულ პროექტზე. მათ შექმნეს 2 თვითმფრინავი – „ბერნარი“ და „ფერბო“, რომლებმაც 1924 წელს სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამ წარმატების შემდეგ ახალგაზრდა ინჟინრები ძალიან პოპულარულები გახდნენ პარიზში, თუმცა მათი ყურადღება და დრო მაინც ტრანსატლანტიკურ ფრენებს ეთმობოდა.
ამ ძალიან ამბიციური იდეის ხორცშესხმა 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა ჩარლზ ლევინმა შეძლო და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანსატლანტიკური მგზავრი. ლევინმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, აეგო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დიდი რაოდენობით მგზავრების გადაყვანას შეძლებდა ამერიკიდან ევროპაში. ამ იდეით 1927 წელს ჩარლზ ლევინი პარიზში ჩავიდა და სტუმრად სწორედ იმ ოჯახს ეწვია, სადაც ალექსანდრე ქართველიშვილის დედა, ელენე ქართველიშვილი დიასახლისად მუშაობდა. ის ახალგაზრდა ავიაინჟინრებს ეძებდა, რომლებიც ამ იდეის ხორცშესხმაში დაეხმარებოდნენ. მალე ალექსანდრე და ჩარლზ ლევინი ერთმანეთს შეახვედრეს. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრესა და მის მეგობრებს მსგავსი თვითმფრინავის პროექტი უკვე მზად ჰქონდათ. ლევინი იმდენად მოიხიბლა მათი პროექტით, რომ ეს სამი ნიჭიერი ახალგაზრდა მეგობარი ალექსანდრეს მონაწილეობით აგებული ხომალდით „აკვიტანია“ ამერიკაში წაიყვნა.
ინჟინერებმა ძალიან მალე წარუდგინეს ჩარლს ლევინს ხარჯთაღრიცხვა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა თანხა იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ლევინს ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ მან ახალგაზრდებს ალტერნატიული პროექტი შესთავაზა და სთხოვა შეექმნათ შედარებით პატარა თვითმფრინავი, რომელიც შეძლებდა ნიუ-იორკიდან მოსკოვამდე დაუჯდომლად ფრენას და დაამყარებდა მსოფიო რეკორდს დისტანციაში. ახალი თვითმფრინავის სახელად „ბიძია სემი“ შეარჩიეს. ამის მიუხედავად ყველაფერი მაინც ძალიან ცუდად განვითარდა. ლევინი მუდმივად ცდილობდა ფულის დაზოგვას და ახალი ძრავების ნაცვლად ძველ ძრავებს ყიდულობდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჩარლზ ლევინი დიდ ფინანსურ მაქინაციებში გაეხვა და მის წინააღმდეგ ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა. მალე ლევინმა ყველაფერი დაკარგა და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა თვითმფრინავების ჩათვლით. დაუდგენელია მიზეზი, თუმცა აუქციონის მეორე დღეს შენობა, რომელშიც ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავები იდგა, დაიწვა.
ალექსანდრე და მისი მეგობრები ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ქართველი ავიაკონსტრუქტორი ხან ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და ხან მანქანებს რეცხავდა ქუჩაში, რომ საჭმლის ფული მოეგროვებია. მალევე ალექსანდრე ქართველიშვილი კომპანია „ფოკერმა“ მიიწვია ინჟინრად, რათა მეტალით თვითმფრინავების მშენებლობის პრაქტიკა დაენერგა ამერიკაში. „ფოკერში“(fokker american company) ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში მან მრავალი საინტერესო სიახლის დანერგვა შეძლო.
1931 წელს უკვე საკმაოდ ცნობილი ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში შეხვდა თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ალექსანდრე სევერსკის. აღმოჩნდა, რომ სევერსკიც ავიამშენებლობით იყო დაინტერესებული და თავისი იდეების განსახორციელებლად კომპანიაში(„სევერსკის თვითმფრინავების კორპორაცია“) ძალიან სჭირდებოდა ნიჭიერი ავიაინჟინერი. მათ ერთად დაიწყეს მუშაობა და სევერსკის მარკეტინგული ნიჭის წყალობით კომპანიამ მალევე დაიკიავა მოწინავე პოზიციები. კომპანიაში ალექსანდრე ქართველიშვილი ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი ინჟინერის პოზიციას იკავებდა.
1935 წელს ალექსანდრე ქართველიშვილმა შექმნა P-35 – მსოფლიოში პირველი მთლიანად ლითონის სამხედრო თვითმფრინავი გასაშლელი საშით. ამერიკის არმიამ ეს თვითმფრინავი ძალიან დიდი რაოდენობით შეიძინა. თვითმფრინავი ასევე დიდი წარმატებით გაიყიდა კოლუმბიაში, შვეიცარიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
1939 წელს ალექსანდრე სევერსკის პრობლემები შეექმნა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან და ის თავისივე კომპანიიდან არამიზნობრივი ხარჯვისა და არარეალური მიზნების დასახვის ბრალდებით გაათავისუფლეს. ალექსანდრე ქართველიშვილი კი თავის პოზიციაზე დარჩა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პრეზიდენტმა რუზველტმა ოჰაიოში შეხვედრა გამართა ამერიკელ ავიაკონსტრუქტორებთან და მათ ისეთი თვითმფრინავის შექმნა დაავალა, რომელიც ჰიტლერის ავიაციას გაუმკლავდებოდა. ხმაურიან შეხვედრაზე იმყოფებოდა ალექსანდრე ქართველიშვილიც, რომელმაც ფურცელზე ფანქრით ნახაზი თავისი თვითმფრინავის გეგმა წარუდგინა ხელმძღვანელობას. იდეა მოეწონათ და 9 თვეში , 1941 წლის 6 მაისს პირველი P-47 thunderbolt-ის საცდელი ფრენა განხორციელდა. ეს ლეგენდარული თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომში 1942 წლიდან ჩაერთო და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ის იმდენად გამძლე და ძლიერი იყო, რომ მისი ჩამოგდება პრაქტიკულად შუძლებელი გახდა. ხშირად ჭურვი მოტორში ხვდებოდა და დაზიანებული მოტორითაც კი ახერხებდა მიწაზე მშვიდობით დაბრუნებას. 1941-1945 წლებში ამ თვითმფრინავის რეკორდული რაოდენობა- 15677 აწარმოეს.
1950 წელს დაიწყო კორეის ომი. საბჭოთა კავშირის მიგ-15-ის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან იბრძოდნენ F-86 და ქართველიშვილის F-84. ამ თვითმფრინნავმა მაშინვე გამოიჩინა თავი როგორც ძალიან სწრაფმა და ეფექტურმა გამანადგურებელმა. F-84-ის 3 მოდიფიკაცია შეიქმნა და სულ 7524 თვითმფრინაში გამოუშვეს.
ამ პერიოდში სულ უფრო რეალური ხდებოდა ცივი ომი. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეიარაღებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში ეჯიბრებოდნენ. ამ პროცესში ალექსანდრე ქართველიშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა თავიდან მას ეჭვის თვალით უყურებდნენ. მისი სამშობლო, საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელმაც ამერიკის თითქმის ყველა სამხედრო საიდუმლო იცოდა. 1954 წელს ალექსანდრე ქართველიშვილმა ამერიკის მთავრობას და საზოგადოებას წარუდგინა XF-103. ეს იყო ულტრათანამედროვე თვითმფრინავის პროექტი, რომელიც წარმოების შემთხვევაში შეძლებდა 3700კმ/სთ სიჩქარით ფრენას, თუმცა ამ პროექტზე მუშაობა 1957 წელს შეჩერდა.
ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრე ქართველიშვილმა მუშაობა განაგრძო და 1958 წელს გამოჩნდა მისი კიდევ ერთი ლეგენდარული თვითმფრინავი F-105, რომელიც პირდაპირ ვიეტნამის ომში გაგზავნეს. F-105-მა ვიტნამის ომში დაბომბვითი ოპერაციების 75% შეასრულა. ამ თვითმფრინავს შეეძლო ბგერაზე 2-ჯერ სწრაფად ეფრინა და ამავე დროს მსოფლიოში ერთადერთი გამანადგურებელი იყო, რომელსაც ატომური ბომბის გადატანა შეეძლო. 1958 წელს შექმნილი თვითმფრინავი 27 წლის განმავლობაში წარმატებულად გამოიყენებოდა ამერიკის სამხედრო ავიაციის რიგებში.
ალექსანდრე ქართველიშვილის უკანასკნელ ქმნილებად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული სამხედრო ავიაციის კიდევ ერთი ლეგენდა A-10 thunderbolt 2. თვითმფრინავმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მან პირველი ფრენა 1972 წლის 10 მაისს განახორციელა და დღესაც გამოიყენება აშშ-ს ავიაციასა და ნატოს მისიებში.
1974 წლის 20 ივლისს ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. თითქმის 40 წლიანი კარიერის მანძილზე მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ავიაციის განვითარებაში. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იყოს ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი.
მისი იდეები დღესაც ტესტირებას გადის ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებსა და NASA-ში. მისი რამდენიმე იდეა და მოდიფიკაცია დღესაც გასაიდუმლოვებულია და მათზე ინტენსიური ექსპერიმენტული სამუშაოები მიმდინარეობს.
[sexy_author_bio]