რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთის გაზიფიცირებას აპირებს, რაც, მათ შორის, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას და შეამსუბუქებს მრავალთვიან მწვავე ენერგოკრიზისს.
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთი „გაზპრომისგან“ ტექნიკური დავალების, შეთანხმებისა და საგზაო რუკის პროექტებს მიიღებს.
აფხაზეთის გაზიფიცირების პროექტს რუსეთი დააფინანსებს.
ეს ხარჯები უკვე გამოიყო 2021 წლის ივლისში, „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სამწლიანი საინვესტიციო პროგრამა – 2020-2022-ის“ კორექტირების ფარგლებში.
პროექტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2021 წლის ზაფხულში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, მას აფხაზეთის გაზიფიცირების პროცესში დახმარება სთხოვა.
აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისი 2020 წლის შემოდგომიდან გრძელდება. აქ ფაქტობრივად ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურჰესია, რომელზეც ელექტროენერგიის გენერაციის 40% მოდის. ეს ელექტროსადგური პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, მხარეები მას ერთად მართავენ, გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ქართულ მხარეს მიაქვს.
აფხაზეთში ელექტროენერგია მწვავე დეფიციტში აღმოჩნდა, პირველ რიგში, კრიპტოვალუტის მაინინგის „ცხელების“ გამო, რომელმაც მთელი აფხაზეთი მოიცვა. მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვისა და გამოვლენილ მაინინგის ფერმებზე რეიდებისა, პრობლემასთან გამკლავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ენერგეტიკულ სისტემაზე მკვეთრად გაზრდილი დატვირთვა აფხაზეთის სხვადასხვა კუთხეში პერმანენტულ გათიშვებს იწვევს.
მთელი ზამთრის განმავლობაში, სახლებში ელექტროენერგია ითიშებოდა მთელი დღით, ქსელის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კი – დღეებითაც. ივნისიდან ტურისტული სეზონი დაიწყო, მთელ აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი, დღე-ღამეში ორსაათიანი გათიშვის გრაფიკი მოქმედებს.
საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიას დღე-ღამეში 6 საათით გათიშავენ.
აფხაზეთი გაზიფიცირებული არ ყოფილა საბჭოთა კავშირის პერიოდში და ამ დრომდე გაზსადენის გარეშე დარჩა. აქ ბუნებრივი აირის მცირე პარტიები შეაქვთ, რომლებსაც შემდეგ ბალონებით ყიდიან.
სტანდარტული გაზის ბალონი 900 რუბლი (დაახლოებით 12 დოლარი) ღირს. ეს ძალიან ძვირია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ უმრავლესობა ძალიან იაფ ელექტროენერგიას ამჯობინებს: 1 კვტ/სთ-ის საფასურია – 40 კაპიკი ფიზიკური პირისთვის და 80 კაპიკი იურიდიული პირისთვის (ეს ერთი ამერიკული ცენტის ძალიან პატარა ნაწილია).
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
წყარო: jamnews