წინა კვირას ბელგიის A ლიგაში მოასპარეზე „სერენის“ რიგებში საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა. წინა სეზონში ქართველი ამ კლუბში გამოდიოდა და მის უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მოგვიანებით მიქაუტაძე ფრანგულ „მეცს“ დაუბრუნდა, სამწუხაროდ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და კვლავ „მშობლიურ“ „სერენს“ მიაშურა.
„სერენი“ ბელგიის თასზე ქვედალიგელ „ლოკერენტემსეს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 3:0 დასრულდა და სამივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე გახლდათ
შეხვედრის დასრულებისთანავე კლუბის გულშემატკივრებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიქაუტაძის მიმართ არაერთი ტკბილი სიტყვა გაავრცელეს.
„გულწრფელი ვიქნები და ვიმედოვნებ, ის ასე ბელგიის ჩემპიონატშიც გამოიჩენს თავს“.
„შევირგოთ დარჩენილი თვეები, რადგან ის „სერენის“ შემადგენლობაში ცეცხლს დიდი ხნის განმავლობაში დაანთებს“.
„ოფიციალურად, ბელგიის საუკეთესო თავდამსხმელი დაგვიბრუნდა“.
„ეს ბიჭი მაოცებს, ის შესანიშნავია“.
„რონალდუსა და ლუკაკუზე ვსაუბრობთ, ჩვენ კი მიქაუტაძე გვყავს“.
19 სექტემბერს ესპანური „ვალენსია“ საკუთარ „მესტალიას“ სტადიონზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. გუშინ გიორგი მამარდაშვილის თემას ერთდროულად რამდენიმე ესპანური გამოცემა შეეხო. საერთო აზრი კი ის გახლდათ რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ამჯერადაც „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
„Marca“-ს ცნობით, „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ისევ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს და ბორდალასი ამ ეტაპზე არ გეგმავს მეკარის შეცვლას.
„სილესენის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილს შანსი მიეცემა და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ქართველი ბორდალასის ძირითად მეკარედ რჩება, ხოლო იასპერის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება” – წერს „Voetbal4u“.
ესპანური „Eldesmarque“ ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველი მეკარის პოზიციები ისევ საკმაოდ მყარია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მამარდაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მადრიდის „რეალთან“ მატჩი, სადაც მას წინა ტურებთან შედარებით, გაცილებით მეტი სამუშაო ექნება.
ამასობაში საქართველოს ნაკრებმა ფიფა-ს რეიტინგში რეგრესი განიცადა და 5 პოზიციით დაქვეითდა. ვილი სანიოლის გუნდი სექტემბერში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების შემდეგ 96-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები რეიტინგში უკვე ვიეტმანის ნაკრებსაც ჩამორჩა, რომელმაც გადაასწრო, ხოლო მცირედით უსწრებს ლიბანისა და ყირგიზეთის ნაკრებებს. ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია…
საფეხბურთო თემა კატალონიური „ბარსელონათი“ გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნჰენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალ კუმანს მძიმე დრო დაუდგა.
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, შესაძლოა, თანამდებობიდან სექტემბრის ბოლომდე დაითხოვონ“ – იუწყება გამოცემა „Cuatro“.
სექტემბერში „ბარსელონა“ ოთხ მატჩს გამართავს: „გრანადასთან,“ „კადისთან,“ და „ლევანტესთან“ პრიმერაში და „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე. თუ შედეგი დადებითი არ იქნა, დიდი ალბათობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.
კუმანს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ბოლოს კი კალათბურთი. მეორე სეზონია საქართველოს ნაკრების მოთამაშე თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში აგრძელებს. ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ დიდი ალბათობით ქართველს ახალი სახელოვანი თანაგუნდელი ეყოლება.
NBA-ს ვარსკვლავმა აიზეა ტომასმა, რომელსაც ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში 2-ჯერ უთამაშია, შესაძლოა კარიერა თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გააგრძელოს. 32 წლის კალათბურთელთან, რომელსაც NBA-ს „ყველა ვარსკვლავთა“ მატჩში 2-ჯერ უთამაშია, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
რუსულმა გრანდმა ახალი უკანახაზელის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელა კიდევ ერთ ამერიკელ მაიკ ჯეიმსს. მოსკოველების უმთავრესი სამიზნე კანადის ნაკრების 28 წლის გამთამაშებელი კევინ პანგოსი იყო, თუმცა, მან კარიერის გაგრძელება „კლივლენდ კავალიერსში“ გადაწყვიტა და „ცსკა“-ც ტომასზე გადაერთო.
ტომასს კარიერის განმავლობაში „საკრამენტოს“, „ფენიქსის“, „ბოსტონის“, „კლივლენდის“, „ლეიკერსის“, „დენვერის“, „ვაშინგტონისა“ და „ნიუ ორლეანის“ მაისურით უთამაშია.